ამ ქალაქში ყოველ წელს "თევზების წვიმა" მოდის — როგორ აიხსნება უჩვეულო ფენომენი?
ქალაქ იოროს, ჰონდურასის რესპუბლიკის, მაცხოვრებლები ყოველწლიურად მეტად უჩვეულო მოვლენის მომსწრენი ხდებიან: დიდი შტორმის შედეგად ციდან "თევზების წვიმა" იწყება.
რომ დავაზუსტოთ, ეს მოვლენა მხოლოდ ჰონდურასში არ ხდება — მეტიც, ასეთი შემთხვევები ათასობით წელია, მთელს მსოფლიოში ფიქსირდება. უმეტესად ცხოველები უკვე დახოცილები არიან, თუმცა არის ხოლმე შემთხვევებიც, როცა ისინი ჯერაც ფართხალებენ. ციდან არაერთი არსება "მოწვიმს": თევზები, ბაყაყები, გველები, ვირთხები, ობობები, ჩიტები, მედუზები...
მაგალითისთვის: 1877 წელს მემფისში ციდან გველები ჩამოცვივდა, ხოლო 1902 წელს კი ალჟირს ვირთხები დაატყდა თავს. უფრო ახლო წარსულში, 2010 წელს, ავსტრალიაში მოვიდა ქორჭილების "წვიმა", 2022-ში კი ანალოგიური რამ ტელანგანაში მოხდა, ინდოეთში.
ეს უჩვეულო მოვლენის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. ქალაქი იორო მათ შორის გამორჩეული იმითაა, რომ თევზების წვიმა, იგივე "Lluvia De Peces", ხშირად მოდის — მაცხოვრებლებს თუ დავუჯერებთ, თევზები აქ წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც მოწვიმს.
ფენომენის სინამდვილეს ისიც ადასტურებს, რომ 1970-იან წლებში National Geographic-ის გუნდმა იგი საკუთარი თვალით იხილა. ადგილობრივი ცნობების მიხედვით, ფენომენმა პირველად 1860-იან წლებში იჩინა თავი, როდესაც კათოლიკე მისიონერმა, მამა ჟოზე მანუელ სუბირანამ, სასწაულს ქალაქის ხსნა შესთხოვა შიმშილისგან.
როგორ აიხსნება უჩვეულო ფენომენი?
უჩვეულო მოვლენის ახსნა რთულია, თუმცა იგი სასწაულს ნამდვილად არ მიეწერება.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩვეულებრივ, ცხოველების წვიმას წყლის ქარბორბალა იწვევს, განსაკუთრებით წყალში წარმოქმნილი. ამგვარი ბუნებრივი მოვლენები მახასიათებლებით ხმელეთის ტორნადოს წააგავს და ხშირად ძლიერი ჭექა-ქუხილი და წვიმა ახლავს თან.
მიჩნეულია, რომ, შესაძლოა, ზოგჯერ ქარბორბალამ წყლიდან ხმელეთისკენ გადაადგილებისას ცხოველები წამოხვეტოს და თანდათან საწყისი ადგილიდან კილომეტრების დაშორებით მიმოფანტოს.
ცხოველების წვიმა სხვა ადგილებში ამ ქარბორბალებმა შეიძლება ახსნას, თუმცა იოროს შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ოკეანე ქალაქიდან დაახლოებით 72 კილომეტრშია. შესაბამისად, ტორნადომ თევზების ასე რეგულარულად წამოკრეფასთან ერთად ისინი ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე ადგილამდე უნდა მიიტანოს, რაც არც თუ ისე დამაჯერებლად ჟღერს.
არსებობს ალტერნატიული ახსნაც: შესაძლოა, თევზები სულაც სხვა მხარიდან მოდიოდეს. ჰიპოთეზის თანახმად, ისინი შეიძლება არა ციდან ცვიოდეს, არამედ მიწიდან ამოდიოდეს წვიმის დროს.
ეს აზრი მაშინ გაჩნდა, როდესაც მოვლენა National Geographic-ის გუნდმა იხილა 1970-იან წლებში. მიუხედავად იმისა, რომ თევზები ადგილობრივ წყლებს არ ეკუთვნოდა, ისინი მაინც მტკნარი წყლისა აღმოჩნდა და არა ზღვის ან ოკეანის.
აღსანიშნავია, რომ ყველა თევზი ერთი სახეობისა იყო და ერთი საერთო მახასიათებელი გააჩნდა: სიბრმავე. ამის გამო ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ თევზები არა ქარბორბალას, არამედ რაიმე სხვა მოვლენის შედეგად ჩნდება. მეორე მხრივ, თვითმხილველებს ასეთი წვიმის დროს სახლის სახურავებზე თევზების დაცემის ხმა ესმით, თუმცა ეს მტკიცებებიც არაა დადასტურებული.
მიუხედავად იმისა, რომ მოვლენის წარმოშობა ჯერჯერობით ზუსტად ვერ იხსნება, თევზების ყოველწლიური წვიმა ტურისტებისათვის საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა. შესაბამისად, სხვა თუ არაფერი, ეს ქალაქის ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებას მაინც შეუწყობს ხელს.
კომენტარები