Facebook დღეს შეფერხებით მუშაობს. მომხმარებელთა ცნობით, მეგობრობის მოთხოვნები შესაბამის ღილაკზე დაჭერის გარეშე, უკონტროლოდ, იგზავნება.

მედიაში ხარვეზის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა Downdetector პლატფორმაზე დღის განმავლობაში პრობლემებთან დაკავშირებით არაერთი მომხმარებელი იტყობინება. მათი 63% Facebook აპლიკაციის პრობლემას ასახელებს, 27% — ვებგვერდის, 10%-ს კი თავად სოციალურ ქსელში შესვლა უჭირს.

როგორც ქართველი მომხმარებლებისგან ვიგებთ, მეგობრობის შემოთავაზებიდან (People you may know-დან) მეგობრობის მოთხოვნები ავტომატურად იგზავნება.

ზოგის შემთხვევაში ეს სულაც ვინმეს პროფილის თვალიერების გარეშე, სრულებით უცხო ადამიანებთან, ხდება. გაგზავნილი მოთხოვნის შესახებ ზოგი მხოლოდ მაშინღა იგებს, როდესაც მოთხოვნას უდასტურებენ.

თუ გაინტერესებთ, გაიგზავნა თუ არა თქვენი ანგარიშიდან ვინმესთან თხოვნა, აქტივობის ჟურნალიდან (Activity log) იხილავთ საკუთარი პროფილიდან.

ამისათვის:

  1. გადადით საკუთარ პროფილზე;
  2. აირჩიეთ სამი წერტილის ხატულა;
  3. დააჭირეთ აქტივობის ჟურნალს.

ფოტო: NEXT.On.ge/Facebook

შემდეგში კავშირების გრაფას (Added friends) აირჩევთ და გაგზავნილ მოთხოვნებსაც (Sent friend requests) აქედან იხილავთ. სურვილის შემთხვევაში შეძლებთ მათ "გამოთხოვნასაც".

ფოტო: NEXT.On.ge/Facebook

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აღნიშნული შეფერხება. Facebook მსგავს ხარვეზებთან დაკავშირებით იშვიათად აკეთებს კომენტარს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.