Google-ის ახალი ჩატბოტი Bard დამატებით 180 სახელმწიფოში იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის უკვე საქართველოშიც. ამას გარდა, წვდომის მოსაპოვებლად მომლოდინეთა სიის გავლა საჭირო აღარ იქნება. Bard-ის ეს ვერსია PaLM 2-ზე მუშაობს და ყველაზე დახვეწილია. სიახლე კომპანიამ 10 მაისს გვამცნო.

ასევე იხილეთ: როგორია Google-ის ახალი ჩატბოტი Bard და რით განსხვავდება ChatGPT-ისგან?

Google-მა თავისი ჩატბოტი Bard ჯერ კიდევ თებერვალში გამოუშვა ტესტერებისათვის, ხოლო ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იგი მარტის ბოლოს გახდა. Bard მხოლოდ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ჩაეშვა, ანუ მისით სარგებლობა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს არ შეეძლოთ. ამ შემთხვევაშიც კი მის გამოცდამდე დარეგისტრირება და მომლოდინეთა სიის გავლა იყო საჭირო.

მომდევნო თვეების განმავლობაში კომპანია მომხმარებელთა უკუკავშირს იღებდა და PaLM-ის, დიდი ენობრივი მოდელის, დახვეწაზე მუშაობდა — ჩატბოტი სწორედ ამ უკანასკნელს ეფუძნება.

როგორც Google-ის I/O 2023 ღონისძიებაზე მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, Bard ახალ PaLM 2 პლატფორმაზე გადავიდა. შედეგად, განსხვავებით პირვანდელი ვერსიისა (რომლის შეცდომაც, სხვათა შორის, Google-ის მშობელ კომპანიას $100 მილიარდი დაუჯდა), Bard უკეთესი ხარისხის პასუხებს აგენერირებს და ახალი დავალებების შესრულებაც შეუძლია, მათ შორის კოდის წერა.

იმისათვის, რომ ახალი ჩატბოტის ფუნქციონირება გამოგვეცადა, ვკითხეთ, არის თუ არა იგი საქართველოში ხელმისაწვდომი. Bard-მა ჩვენს ქვეყანაში თავისი არსებობა უარყო, თუმცა პასუხის სხვა ვერსიებში, draft-ებში, ახალი, სწორი ინფორმაციაც ჩანს.

ფოტო: NEXT.On.ge/Google

ახალი ჩატბოტის გამოცდას ამ ბმულზე შეძლებთ. ამისათვის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ Google ანგარიშზე შესვლა დაგჭირდებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.