მობილურის გამოყენებასა და ჰიპერტენზიას შორის შესაძლოა, კავშირი არსებობდეს
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთის ბიობანკში არსებული მონაცემები გააანალიზეს. დადგინდა, რომ შესწავლილი 212 000 ადამიანიდან ჰიპერტენზიის, ანუ მაღალწნევიანობის საგრძნობლად გაზრდილი რისკის ქვეშ ისინი იყვნენ, რომლებიც მობილური ტელეფონით ზარების განსახორციელებლად ან მისაღებად კვირაში ერთხელ მაინც სარგებლობდნენ.
კერძოდ, საუბარია 7 პროცენტით მეტ რისკზე მათთან შედარებით, ვინც მობილურს არ იყენებდა. საინტერესოა, რომ 12-წლიანი კვლევის განმავლობაში ჰიპერტენზია ჯამში 13 984 ინდივიდს ჩამოუყალიბდა. მართალია, სპეციალისტებმა, მაღალ წნევასა და მობილური ტელეფონით სარგებლობას შორის კავშირი გამოავლინეს, მაგრამ კონკრეტულად რა მექანიზმია ამის უკან, უცნობია.
ავტორები პოტენციურ მიზეზად მსგავსი გაჯეტებისთვის დამახასიათებელ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ასახელებენ, რომელმაც შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. აღსანიშნავია, რომ მკვლევრებმა ყურადღება მობილურის მხოლოდ სასაუბროდ გამოყენებაზე გაამახვილეს, ამიტომ გაურკვეველია, რამდენად ვრცელდება ეს აპლიკაციების მომხმარებლებზე ან შეტყობინებების გაგზავნის ფუნქციით მოსარგებლეებზე.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში European Heart Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები