10 შთამბეჭდავი სცენა, რომელიც ხელოვნური სუნთქვის მესამე სეზონში ვიხილეთ
პოპულარული ქართული სერიალის, ხელოვნური სუნთქვის, მესამე სეზონი დასრულდა. სეზონი, რომელმაც 24 სერია გააერთიანა და თითქმის ოთხი თვის განმავლობაში მაყურებელი კავეა პლუსის საიტზე დაასახლა, ნამდვილად შედგა. არადა, სიმართლე ითქვას, როგორც სერიალის ერთ-ერთ დიდ გულშემატკივარს, თავდაპირველად მეშინოდა კიდეც, რამდენად შეძლებდა ახალი სეზონი, 6 წლის წინ გამოსული წინამორბედების ხარისხს დასწეოდა. თუმცა, სიახლეების მიუხედავად, მესამე სეზონს არც დრამა აკლდა, არც "ექშენი" და არც ემოციები — ის ყველაფერი, რის გამოც ხელოვნური სუნთქვა მაყურებელმა შეიყვარა.
თუმცა, ამ სეზონშიც იყო რამდენიმე სცენა, რომელიც განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს.
სტატიაში შეხვდებით უამრავ სპოილერს ხელოვნური სუნთქვის მესამე სეზონიდან
1. თოფურიას დაბადების დღე
სეზონის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი თოფურიას დაბადების დღე იყო, როცა სახელმოხვეჭილმა ექიმმა და პრესტიჟული კლინიკის დამფუძნებელმა თავის აღზრდილ კოლეგებს წარმოუდგენელი თხოვნით მიმართა — მოეკლათ საოპერაციო მაგიდაზე. სწორედ ამ ამბის შემდეგ განვითარდა სეზონის ყველაზე დრამატული მოვლენები, თუმცა, თავის მხრივ, ბუხართან საუბრის სცენაც არანაკლებ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ეს, რასაკვირველია, სამი არაჩვეულებრივი მსახიობის დამსახურებაა; განსაკუთრებულად კი ხაზი უნდა გაესვას გია ბურჯანაძეს, რომელმაც სულ რამდენიმე სერიაში გამოჩენის მიუხედავადაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე.
2. კარინას ემოციური დაცემა
კარინა სერიალის ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო და გამორჩეული პერსონაჟი გახლდათ. ჩვენ მისი სხვადასხვა სახე ვიხილეთ: კოლეგებთან, ექთნებთან, ოჯახში და აღმზრდელ ექიმთან, რომელთანაც განსაკუთრებით ემოციური კავშირი ჰქონდა. სწორედ ამ უკანასკნელის თხოვნამ გამოიწვია კარინას, ერთი შეხედვით მტკიცე და შეუდრეკელი გმირის, გატეხა. სცენა, რომელშიც პერსონაჟი თავისი სიმკაცრის ჯავშანს კარგავს და ტირილს იწყებს, იმდენად ემოციური გამოდგა, რომ, დარწმუნებული ვარ, არაერთ მაყურებელსაც მოჰგვარა თვალზე ცრემლი.
3. მამის დატოვებული წერილის წაკითხვა
ნატას პერსონაჟი სერიალში ერთ რიგით პერსონაჟად შეიძლება ქცეულიყო, რომ არა მისი როლის შემსრულებელი ნანკა კალატოზიშვილის სამსახიობო ოსტატობა. ეს თვალსაჩინოდ დავინახეთ სეზონის უდავოდ ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ სცენაში, როცა ნატა მამის დატოვებული წერილის კითხვას იწყებს, ჩვენ კი მის გონებაში აბურდულ ფიქრებსა და განცდებს სახეზევე ვკითხულობთ და ყველაფერს უსიტყვოდ ვიგებთ.
4. ილიას კარიერის დასაწყისი რეტროსპექტივაში
ამ სეზონის კიდევ ერთი საინტერესო ახალი სახე ილია ვეკუა იყო — ექიმი თერაპევტი, რომლის პირად ცხოვრებაშიც შეგვახედეს სცენარისტებმა. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ როლის შემსრულებელმა გიორგი ლიფონავამ, რომელიც, ამავდროულად, სერიალის რეჟისორიცაა, დაკისრებულ მისიას შესანიშნავად გაართვა თავი. ილიას პერსონაჟი ბევრი კუთხით იყო გამორჩეული — დავინახეთ, როგორც მისი ცუდი მხარე, ასევე სამაგალითო ურთიერთობა შვილთან და მეგობრებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი სეზონის იშვიათი რეტროსპექტივური სცენა იყო, რომელშიც ვიხილეთ, რატომ არჩია მან ქირურგობას თერაპევტობა კარიერის საწყის ეტაპზე.
5. ნელის საუბარი ქმრის სტუდენტთან
ახალ პერსონაჟებზე საუბრისას ვერაფრით გამოვტოვებთ ნელის, თოფურიას კლინიკის ქარიზმატულ დირექტორს, რომელიც საოცრად განასახიერა ნინო ზაუტაშვილმა. მისი მონაწილეობით ყველაზე დაძაბული სცენებიც კი სახალისო საყურებელი გახდა, თუმცა, იყო ერთი ეპიზოდი, სადაც ნელი ჩაფიქრებული და დასევდიანებულიც კი ვიხილეთ. ეს გახლდათ მომენტი, როცა თავისმა ქმარმა გულწრფელად განუცხადა, რომ თავისი სტუდენტი შეუყვარდა და მასთან ერთად ცხოვრება სურდა. თუმცა, ნელის ჩაფიქრება ხანგრძლივი არ ყოფილა, იგი თავადვე მივიდა ქმრის სტუდენტთან და პრობლემა ისე ოსტატურად მოაგვარა, ბევრს რომ შეშურდებოდა. ამასთან, ბოლო სერიაში დავინახეთ, რომ ნელიმ ურთიერთობაში გაჩენილი ბზარის ამოვსებაც გადაწყვიტა.
6. ილიას ცოლის მონოლოგი ლიკას სახლში
ქმრის "საყვარელთან" გამკლავების ცივილური ფორმა არჩია ნანიკომაც. საერთოდაც, სერიალში ბანალური "თმით თრევის" სცენები რომ არ ვიხილეთ, ეს ნამდვილად დასაფასებელია. თუმცა, სცენარისტებმა საყვარელი ადამიანის ღალატით მიღებული ტკივილი ბევრად უფრო რეალისტურად და ემოციურად დაგვანახეს. ყველაფერი სულერთი გახდაო, ეუბნება ერთ მომენტში ნანიკო ილიას და ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავენ მის ემოციურ მდგომარეობას. მერე კი მას ლიკასთან სახლში ქმრის ნივთები მიაქვს და, ერთი შეხედვით, უცნაურ მონოლოგს იწყებს — ჰყვება ილიას რუტინის, ჩვევებისა და სხვა წვრილმანების შესახებ. ასე იგი ლიკასაც და მაყურებელსაც აჩვენებს, რამდენს ნიშნავდა მისთვის ეს ურთიერთობა. კვლავაც აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი ამ სცენაში მსახიობის, თამთა ინაშვილის, წუნდაუდებელ შესრულებას.
7. გოგოების შეკრება ბარში
სეზონის ბოლო სერიაში ბევრი საინტერესო და მრავალმნიშვნელოვანი სცენა ვიხილეთ. ერთ-ერთი მათგანი ბარში ლიკასა და ნანიკოს შეხვედრა იყო, რომელსაც მოგვიანებით ნატაც უერთდება. ეს ლამაზი სცენა, რომელშიც ერთიმეორისთვის მეტ-ნაკლებად უცნობი, სხვადასხვა ისტორიის მქონე სამი ქალი ჭიქას ერთად სწევს და იღიმის, ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანი და თვითმყოფადია ქალური თანადგომა.
8. თათოს საუბარი მელანოსთან საავადმყოფოში
მესამე სეზონში უჩვეულო სასიყვარულო სამკუთხედიც გამოჩნდა — პირველივე სერიებიდან ცხადი იყო, რომ ინტერნებს ერთმანეთთან სამსახურზე მეტი აკავშირებდათ. თუმცა, არცერთი მათგანის სასიყვარულო ინტერესს საპასუხო გრძნობა არ აღმოაჩნდა. სამი ახალგაზრდის ცალმხრივი სიყვარულით დაგვა კი წესით არ უნდა გაგვკვირვებოდა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ სერიალის სცენარისტის, დავით გაბუნიას აზრით, "ბედნიერ ადამიანებზე მოსაწყენი საყურებელი ამქვეყნად არაფერია". მართალია, სეზონის მეორე ნაწილში მელანოსა და ანდროს ურთიერთობამ წინ წაიწია, მაგრამ თათო მაინც ამჩნევდა, რომ მელანოს გრძნობები ბოლომდე გულწრფელი არ იყო. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა საავადმყოფოს სცენა, სადაც თათო მეგობარს ეუბნება, რომ ანდროს მდგომარეობასთან შეგუება გაუჭირდება, რადგან ბიჭთან მასავით ძლიერი გრძნობა არ აკავშირებს.
9. თამუნას ბოლო ვიზიტი შოთასთან ციხეში
ალბათ ბევრს გვქონდა მოლოდინი, რომ ამ სეზონში შოთას უფრო ხშირად ვიხილავდით. თუმცა, ციხეში მყოფი პერსონაჟის სულ რამდენიმეჯერ გამოჩენამაც კი უამრავი კითხვა დაბადა, რომელთაც, იმედია, მომდევნო სეზონში გაეცემა პასუხები.
განსაკუთრებით საინტერესო სანახავი იყო თამუნასა და შოთას ურთიერთობაში ბუნებრივად წარმოშობილი კრიზისი — შოთას გულგრილობა და თამუნას გულში გაჩენილი სიცარიელე, რომლის შევსებაც მალევე სხვამ სცადა. ამის აღიარება თამუნას ჯერ საკუთარ თავთანაც კი უჭირდა. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, როცა ბექას პერსონაჟის ხაზს სერიალში ისე დაესვა წერტილი, რომ მისი და თამუნას ურთიერთობის შესახებ შოთამ ვერაფერი გაიგო. ამ რთული ვითარების სიმძიმე ალბათ ნაწილობრივ მაინც შევიგრძენით, როცა ბოლო სერიაში თამუნა შოთას ციხეში ეწვია და მომავალზე საუბრისას ისტერიკული ტირილი დაიწყო. ნატას ზემოხსენებული სცენის არ იყოს, ამ დროსაც პერსონაჟის ყველა ემოცია მსახიობ ეკა დემეტრაძის სახეზე იკითხებოდა.
10. ანდროს თითქმის ყველა სცენა
დაბოლოს — გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ სეზონის აღმოჩენა ანდრო იყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი სერიალის მეორეხარისხოვანი პერსონაჟიდან ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა; უფრო იმიტომ, რომ მისი კომპლექსური და, დარწმუნებული ვარ, ძალიან რთულად შესასრულებელი როლი მსახიობმა სანდრო სამხარაძემ ფენომენალურად ითამაშა. ანდროს უცნაურ ქცევებს სეზონის გვიანდელ სერიებში მოეძებნა ახსნა, როცა გავიგეთ, რომ მას ფსიქიკური დაავადება ჰქონდა. ამის შემდეგ პერსონაჟის თითქმის ყველა სცენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ცალკე აღებულიც იმსახურებს რომელიმე პრესტიჟულ ჯილდოს.
კომენტარები