პანდემიის დასასრული — COVID-19 გლობალური ჯანმრთელობისთვის კრიტიკულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ ღებრეისუსმა განაცხადა, რომ COVID-19 გლობალური ჯანმრთელობისთვის კრიტიკულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
"COVID-19-ის საგანგებო კომიტეტი მეთხუთმეტედ შეიკრიბა. მირჩიეს, რომ საერთაშორისო დონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხე დასრულებულად გამომეცხადებინა. ეს რჩევა გავითვალისწინე. დიდი იმედით ვაცხადებ, რომ COVID-19 გლობალური ჯანმრთელობისთვის კრიტიკულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს", — წერს ღებრეისუსი ტვიტში.
აღსანიშნავია, რომ გლობალური ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხედ COVID-19 2020 წლის 30 იანვარს გამოცხადდა. პანდემიის სამი წლის შემდეგ, WHO-ს მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით აღრიცხულია 765 222 932 ინფიცირების შემთხვევა და კორონავირუსით გამოწვეული 6 921 614 სიკვდილი.
WHO-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება ბოლო ერთი წლის მონაცემების გულდასმით შესწავლის შემდეგ მიიღეს. ბოლო 12 თვის განმავლობაში პანდემიის "დაღმავალი ტრენდის" მომსწრენი ვიყავით, ეს კი მაღალი ეფექტიანობის ვაქცინების ადმინისტრირების შედეგია.
2023 წლის 30 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 13.3 მილიარდი ვაქცინის დოზაა ადმინისტრირებული. ინფიცირებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა (რაც ვაქცინაციის მიზანი იყო) და გადატვირთულმა სამედიცინო დაწესებულებებმაც ამოისუნთქეს. ქვეყნები კი პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდნენ — მოიხსნა შეზღუდვები.
ჟურნალ The Lancet-ში, 2022 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა პანდემიის განვითარების კურსში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა და საერთო ჯამში, ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
3 წლის განმავლობაში პანდემიამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გამოავლინა პოლიტიკური ხარვეზები და დეზინფორმაციისთვის ნოყიერ ნიადაგად იქცა. ამ პროცესმა, საერთო ჯამში, ინსტიტუციებისადმი ნდობის მაჩვენებელი შეამცირა და ადამიანთა ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც დიდი კვალი დაატყო. გარდა ამისა, პოსტკოვიდური ეფექტებისგან, მათ შორის ხანგრძლივი კოვიდისგან მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ იტანჯება.
ასევე იხილეთ: ხანგრძლივი კოვიდი — როცა ვირუსის ორგანიზმიდან განდევნა გამოჯანმრთელებას არ ნიშნავს
WHO-ს ხელმძღვანლის თქმკით, COVID-19 ჯერ კიდევ აგრძელებს "ღრმა ნაწიბურების დატოვებას ჩვენს მსოფლიოზე" და "ეს ნაწიბურები უნდა ემსახურებოდეს ჩვენთვის პოტენციური ახალი ვირუსებიდან მომდინარე საფრთხის შეხსენებას".
კომენტარები