შეიმუშავეს ელექტრონული ტატუ, რომელიც გულის მდგომარეობას აკონტროლებს
ოსტინის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა მოქნილი და ტარებადი სამედიცინო მოწყობილობა, რომელსაც რევოლუციის მოხდენა შეუძლია. საუბარია, ელექტრონულ ტატუზე — ის მაგრდება მკერდთან და შეუძლია მუდმივად აკონტროლოს გულის მდგომარეობა.
მოწყობილობა უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა.
ელექტრონული ტატუ არის უკაბელო და მობილური. მოწყობილობა სულ რაღაც 2,5 გრამს იწონის და მისი ტარება ტანსაცმელთან ერთად თავისუფლადაა შესაძლებელი. რაც შეეხება ენერგიას, ტექნოლოგია პენის ზომის ბატარეაზე მუშაობს, რომელიც 40 საათზე მეტ ხანს ძლებს. ეს პაციენტს აძლევს საშუალებას მთელი დღის განმავლობაში განახორციელოს გულის ჯანმრთელობის მონიტორინგი.
ჯანმრთელობის მონიტორინგის ორი გზა
ელექტრონული ტატუ გულის ორ მნიშვნელოვან ასპექტს ზომავს: ელექტროკარდიოგრამას (ECG) და სეისმოკარდიოგრამას (SCG). პირველი გულის ელექტრულ სიგნალს აფასებს, ხოლო მეორე აკუსტიკურ სიგნალს გულის სარქველებიდან.
რაც შეეხება კვლევას, მოწყობილობა ხუთ ჯანმრთელ პაციენტზე გამოიცადა. ტექნოლოგია საკმაოდ ზუსტი იყო. შემდეგი ეტაპი მოიცავს დამატებით ტესტირებას და საწყისი შედეგების დადასტურებას.
შეერთებულ შტატებში სიკვდილის მთავარი მიზეზი გულის დაავადებაა. შესაბამისად, ახალ ელექტრონულ ტატუს მნიშვნელოვანი მისია აქვს. ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მოხდეს უწყვეტი და პორტატული გულის მონიტორინგი სამედიცინო დაწესებულების მიღმა. ეს ხელს შეუწყობს გულის დაავადების გამაფრთხილებელი ნიშნების ადრეულ გამოვლენასა და დიაგნოსტირებას.
ნანშუ ლუს, აერონავტიკისა და საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტის პროფესორის თქმით, თუ ტექნოლოგია გაამართლებს, გულის დაავადების 80%-ის პრევენცია გახდება შესაძლებელი.
კვლევა Advanced Electronic Materials-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები