ნახეთ: კოსმოსიდან დანახული რაკეტა Starship, რომლის ისტორიული ფრენაც ხვალაა ჩანიშნული
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი უმძლავრესი რაკეტა Starship-ის სადებიუტო ფრენა 17 აპრილს იყო ჩანიშნული, თუმცა აპარატის პირველ საფეხურს პრობლემა შეექმნა, რის გამოც მისია გადაიდო.
რაკეტის გაშვების მომდევნო მცდელობა ხვალ, 20 აპრილს იქნება. გაშვების ფანჯარა თბილისის დროით 17:28 საათიდან იწყება.
ხომალდი ამჟამად ტეხასის შტატში მდებარე კოსმოდრომზე, Starbase-ის ტერიტორიაზეა განთავსებული. პლატფორმაზე მდგარი Starship კომპანია Maxar Technologies-ის ხელოვნურმა თანამგზავრმა დედამიწის ორბიტიდან 17 აპრილს დააფიქსირა. ფოტოები სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოქვეყნდა.
სურათებზე ვხედავთ Starship-ის პროტოტიპ SN24-ს, რომელიც ამაჩქარებელ Super Heavy-ის პროტოტიპ Booster 7-ზეა მოთავსებული. აპარატის მხოლოდ ეს ნაწილი მეთანის საწვავზე მომუშავე, Raptor-ის ტიპის 33 ძრავითაა აღჭურვილი. ორივე საფეხური ერთად 120 მეტრი სიმაღლისაა.
RGV Aerial Photography-ის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა კიდევ ერთი სურათი, რომელიც 3 200 მეტრი სიმაღლიდანაა გადაღებული და რაკეტას უფრო ახლოდან გვიჩვენებს. კომპანიის მფლობელი, მაურისიო ატილანო აცხადებს, რომ ის SpaceX-ის განვითარებას დრონების, კამერებისა და აპარატ Cessna 182-ის მეშვეობით 2018 წლიდან მოყოლებული აფიქსირებს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, მთვარის ისტორიული მისია Artemis 3-ის ფარგლებში, ასტრონავტებს დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე სწორედ Starship წაიყვანს. დაგეგმილია სულ მცირე 3 კერძო მისიაც. მომავალში ამ რაკეტას, არც მეტი, არც ნაკლები, წითელ პლანეტაზე გასამგზავრებლადაც გამოვიყენებთ.
კომენტარები