გენეტიკაში ახალმა აღმოჩენამ შეიძლება კაცების კონტრაცეპტივების წარმოება დააჩქაროს
კაცის კონტრაცეპტივების მიმართ ინტერესი დიდი ხანია არსებობს, თუმცა იდეის სრულყოფისთვის საჭირო პროგრესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა. ახალ კვლევაში მეცნიერებმა გამოავლინეს გენი, Arrdc5, რომელიც მხოლოდ სხვადასხვა ძუძუმწოვრის, მათ შორის ადამიანის სათესლეებშია გამოხატული. ეს გენი შეიძლება იქცეს კაცებისთვის ეფექტური, შექცევადი და არაჰორმონალური ფორმის კონტრაცეპტივების დამზადების გასაღებად.
"კვლევამ პირველად დაადგინა, რომ ეს გენი გამოხატულია მხოლოდ სათესლე ჯირკვლის ქსოვილში და არსად სხვაგან და იგი გვხვდება ძუძუმწოვრების მრავალ სახეობაში", — თქვა უფროსმა ავტორმა ჯონ ოუთლიმ განცხადებაში. სწორედ ეს გამოარჩევს Arrdc5-ს სხვა პოტენციური წამლების სამიზნეებისგან.
მკვლევრებმა თაგვებში გათიშეს Arrdc5 გენი, რათა გამოეკვლიათ, რა გავლენას მოახდენდა ეს მათ ნაყოფიერებაზე. მამრობითი სქესის თაგვები, რომლებსაც ეს გენი აკლიათ, აწარმოებდნენ 28%-ით ნაკლებ სპერმას. ამასთან ერთად, მათი წარმოებული სპერმა ჩვეულებრივზე 2,8-ჯერ ნელა მოძრაობდა. მეტიც, სპერმატოზოიდების 98%-ს ჰქონდა დარღვევები თავისა და შუა ნაწილებში, რაც მათ კვერცხუჯრედის განაყოფიერების საშუალებას არ აძლევდა.
სპერმაში ამგვარი დარღვევების არსებობას ეწოდება ოლიგოასთენოტერატოსპერმია (OAT) და ეს არის უნაყოფობის საერთო მიზეზი ადამიანებში. ამ დრომდე, ამ მდგომარეობის მიზეზები არ იყო ნათელი, მაგრამ ავტორები წერენ, რომ მათი აღმოჩენები Arrdc5 გენის ირგვლივ აჩენს "შესაძლებლობას, რომ ნაყოფიერების დეფექტების გამომწვევი მიზეზები მავნე მუტაციები შეიძლება იყოს".
უზარმაზარი უპირატესობა, რომელსაც ამგვარი კონტრაცეპტივის წარმოება მოიტანს, ჰორმონალური ჩართულობის ნაკლებობაა. ტესტოსტერონი ბევრ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მამაკაცის სხეულში რეპროდუქციული სისტემის მიღმა, ამიტომ კონტრაცეპტული ეფექტის მიღწევა ტესტოსტერონის დარღვევის გარეშე იდეალური გამოსავალი იქნებოდა. ავტორებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რთული არ იქნება ასეთი წამლის შექცევადი ფორმის დამზადება.
მარტივად რომ ვთქვათ, კონტრაცეპტივი, რომელიც მიზანში ამოიღებს Arrdc5 გენს, არ გააქრობს სპერმის წარმოების უნარს, არამედ დროებით შეწყვეტს განაყოფიერების უნარის მქონე სპერმის წარმოქმნის შესაძლებლობას. შესაბამისად, თეორიულად, წამლის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, ფუნქციური სპერმა ხელახლა შეძლებს წარმოქმნას.
მკვლევრების ამ აღმოჩენაზე დაფუძნებული მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მომავალში იგი კაცების კონტრაცეპტივების შემუშავების გამოსავალი შეიძლება გახდეს.
კომენტარები