Starship-ის სადებიუტო ფრენა გადაიდო
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი უმძლავრესი რაკეტა Starship-ის ისტორიული უეკიპაჟო მისია გადაიდო. სადებიუტო ფრენა დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა პირველ საფეხურს პრობლემა შეექმნა, რამაც გეგმები შეცვალა.
ის ტეხასის შტატში მდებარე კოსმოდრომიდან, Starbase-იდან უნდა გაეშვათ. დღევანდელ საცდელ მისიაში მონაწილეობა Starship-ის პროტოტიპ SN24-ს უნდა მიეღო, რომელიც Super Heavy-ის საფეხურის პროტოტიპ Booster 7-ზეა მოთავსებული. აპარატის მხოლოდ ეს ნაწილი მეთანის საწვავზე მომუშავე, Raptor-ის ტიპის 33 ძრავითაა აღჭურვილი.
"Starship სრულად მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო სისტემაა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე ტვირთის ასატანად და ეკიპაჟის ასაყვანად, მთვარეზე კაცობრიობის დასაბრუნებლად და მარსსა თუ მის მიღმა გასამგზავრებლადაა შექმნილი. ასეთი საცდელი ფრენის წარმატება იზომება იმით, თუ რას ვისწავლით მისგან, რაც სამომავლოდ უფრო მეტი წარმატების მისაღწევად გამოგვადგება", — წერია SpaceX-ის მისიის აღწერაში.
აქედან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ ფრენა გადაიდო, სპეციალისტებისთვის ეს ერთგვარი რეპეტიცია იყო, რომლის განმავლობაშიც მონაცემებს აგროვებდნენ. მიღებული ინფორმაცია მათ რაკეტის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ თავად მასკის თქმით, წარმატების შანსი 50-50-ზე იყო, ამიტომ უკანასკნელი შემთხვევა მოულოდნელი არ ყოფილა. კომპანია Starship-ის გაშვებას უახლოეს მომავალში ხელახლა შეეცდება.
კომენტარები