ასტრონომებმა ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში დედამიწის კიდევ ერთი კომპანიონი აღმოაჩინეს. ესაა ასტეროიდი, სახელად 2023 FW13, რომელიც მზის გარშემო ჩვენი პლანეტის მსგავსად მოძრაობს, ანუ მასთან კოორბიტულ კონფიგურაციაში ვართ. ეს აღნიშნულ ობიექტს დედამიწის "კვაზი-თანამგზავრად" აქცევს.

როგორც ცნობილია, 2023 FW13 საკუთარ ორბიტაზე მოძრაობისას მარსსა და ვენერას ნახევარ დისტანციაზე უახლოვდება. ის სპეციალისტებმა პირველად 28 მარტს, Pan-STARRS-ის ტელესკოპის მეშვეობით დააფიქსირეს, რომელიც ღამის ცას ჰავაის კუნძულ მაუიზე მდებარე მიძინებული ვულკანიდან აკვირდება. მისი მონაცემების ავთენტურობა პირველ აპრილს სხვა ობსერვატორიების დახმარებით დაადასტურეს

ფოტო: NASA/JPL-Caltech/NEXT.On.ge

ამ სიახლემ მალევე ფრანგულ ონლაინ მედიაში Futura — Inspirons l'aveni მომუშავე ჟურნალისტის, ადრიან კოფინეტის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც ორბიტის სიმულატორის საშუალებით ასტეროიდის ტრაექტორია შეისწავლა და პირველმა დაადგინა, რომ 2023 FW13 მზის ირგვლივ გადაადგილებას იმავე დროს ანდომებს, რასაც დედამიწა, პარალელურად კი ჩვენს პლანეტასაც უვლის გარს. ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე, მან დაასკვნა, რომ საქმე დედამიწის აქამდე უცნობ "კვაზი-თანამგზავრთან" ჰქონდა.

იმის მიუხედავად, რომ დაახლოებით 20-მეტრიანი ასტეროიდი გრავიტაციულად ჩვენს მშობლიურ ციურ სხეულთანაა დაკავშირებული, მასზე მზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენს. პლანეტა ამ ობიექტის ორბიტას მხოლოდ მცირედით ცვლის. ის ყოველწლიურად ჩვენგან 15 მილიონ კილომეტრამდე მანძილზე მოძრაობს, ყველაზე ახლოს კი 360 000 კილომეტრზე მოდის.

უნდა ითქვას, რომ 2023 FW13 ერთადერთი "კვაზი-თანამგზავრი" არაა, რომელიც კოსმოსურ სამეზობლოში აღმოვაჩინეთ. მისი ტრაექტორია ძალიან ჰგავს 2016 HO3-სას, რომელიც მეცნიერებმა 2016 წელს დააფიქსირეს.

მოყვარულმა ასტრონომებმა 2023 FW13-ის კადრები 2012 წლიდან შეგროვებულ მონაცემებში მოიძიეს. მათი გამოთვლების თანახმად, ის დედამიწის მახლობლად ჩვენს წელთაღრიცხვამდე 100 წლიდან გადაადგილდება და აქ სულ მცირე 3700 წლამდე დარჩება. ეს მას ყველაზე სტაბილურ "კვაზი-თანამგზავრად" აქცევს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.