OpenAI ჰუმანოიდ რობოტებზე იმუშავებს — ChatGPT სხეულით?
და აი ისიც, მიღწეული წარმატების შემდეგ OpenAI-ის ჰუმანოიდი რობოტების შექმნა სურს. კომპანიის მიერ შემუშავებულმა ChatGPT-იმ მსოფლიო დაიპყრო და როგორც ჩანს, ახლა შემდეგი ეტაპის ჯერია — OpenAI-ის თავისი ენობრივი მოდელისთვის ფიზიკური სხეულის შესხმა სურს.
როგორც New Atlas იტყობინება, OpenAI-იმ ნორვეგიული რობოტიკის კომპანია 1X-ში მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო. საუბარია 23,5 მილიონ დოლარზე.
"1X ამ ყველაფრით აღფრთოვანებულია. გვიხარია, რადგან OpenAI-სთან თანამშრომლობა ჩვენთვის პატივია. ჩვენი სურვილია რობოტიკის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირება", — თქვა ბერნტ იოვინდ ბორნიჩმა, აღმასრულებელმა დირექტორმა და 1X-ის დამფუძნებელმა განცხადებაში.
კომპანიაში ამბობენ, რომ ინვესტორების მხარდაჭერით გააგრძელებენ პროგრესს და საბოლოოდ გააძლიერებენ შრომის გლობალურ ბაზარს.
ეს ინვესტიცია რობოტიკაში ახალი ეტაპია OpenAI-სთვის, რომელიც 2021 წელს საკუთარი რობოტიკის განყოფილების დახურვის შემდეგ მსგავს მიმართულებას ერიდებოდა.
ამ დროისთვის, 1X-ისა და OpenAI-ის თანამშრომლობასთან დაკავშირებით მეტი არ ვიცით. თუმცა, ერთი რამ ცხადია, ორივე მხარე სრულად არის დაინტერესებული ახალი ჰუმანოიდი რობოტების შემუშავებით.
ChatGPT სხეულით?
ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორი იქნება OpenAI-ისა და 1X-ის თანამშრომლობის შედეგი, მაგრამ სიახლეებს 2023 წლის ზაფხულისთვის უნდა ველოდეთ. სწორედ ამ დროს შეიძლება შევიტყოთ მეტი 1X-ის რობოტ "NEO"-ზე.
და მაინც, ეს შეიძლება დასაწყისი იყოს პროცესის, რომელიც ChatGPT-ისთის სხეულის შესხმას გულისხმობს. მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ჩეთბოტს დღეს კონკრეტული სხეული არ გააჩნია, მაგრამ მასთან საუბარი ძალიან საინტერესო და შემეცნებითია. ახლა კი, წარმოიდგინეთ ChatGPT, რომელსაც ადამიანის მსგავს სხეულში ჩაშენებულს ეკონტაქტებით.
კომენტარები