ChatGPT-ის უმძლავრესი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია — რა შეუძლია GPT-4-ს და როგორ გამოვიყენოთ
14 მარტს კომპანია OpenAI-მა, ChatGPT-ის შემქმნელმა, GPT-4 გამოუშვა. ეს უახლესი თაობის უზარმაზარი ენის მოდელია, რომელიც წინამორბედებზე მძლავრი და ეფექტიანი იქნება. ჩატბოტის თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით, GPT-4-ის მქონე ChatGPT ვებაპლიკაციის სახით უფასოდ არ იქნება ხელმისაწვდომი. ვერსია, რომლითაც აქამდე ვსარგებლობდით, კვლავ უფასოა.
სტატიაში ახალი მოდელის შესაძლებლობებზე მოგიყვებით და გეტყვით, რა დაგჭირდებათ მასზე წვდომის მოსაპოვებლად.
რა არის GPT-4 და რა შეუძლია
OpenAI ენის მოდელებს 2018 წლიდან უშვებს, GPT-4 კი მისი რიგით მეოთხე მოდელია. კომპანიამ იგი საზოგადოებას 14 მარტს წარუდგინა, სპეციფიკური მახასიათებლების გამო კი მას "დიდი მულტიმოდალური მოდელი" უწოდა. GPT-4 მხოლოდ ChatGPT+-ის გამომწერებისთვისაა ხელმისაწვდომი.
ამ დრომდე ყველაზე დახვეწილი მოდელი GPT-3.5 გახლდათ, რომელსაც ჩვენთვის კარგად ცნობილი ChatGPT ეფუძნება. როგორც კომპანიის დემონსტრაციიდან ვიგებთ, GPT-4-ს მასთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს.
GPT-4-ის მეშვეობით ჩატბოტი პასუხებს არამხოლოდ წერილობითი თხოვნის, არამედ ფოტოების საპასუხოდაც დააგენერირებს. მაგალითისთვის, შეგიძლიათ, მოდელს მაცივრის შიგთავსის ფოტო მიაწოდოთ და რეცეპტების გენერირება სთხოვოთ ანდა სულაც მიმი აჩვენოთ და აახსნევინოთ, რატომაა სასაცილო... სწორედ ამის გამო უწოდეს მას "დიდი მულტიმოდალური მოდელი".
ამას გარდა, GPT-4 "დაუშვებელ შიგთავსს" წინა მოდელთან შედარებით 82%-ით იშვიათად დააგენერირებს, ხოლო 60%-ით იშვიათად "მოიგონებს" ინფორმაციას.
საგულისხმოა ისიც, რომ GPT-4 უფრო დიდი ტექსტური მითითებების მიღებას შეძლებს, ვიდრე მისი წინამორბედები — შეეძლება მიიღოს/გასცეს 25 ათასამდე სიტყვა, როცა აქამდე ეს რაოდენობა მხოლოდ სამი ათასი იყო.
კომპანიის ცნობით, GPT-4-ს შეუძლია, ადვოკატთა სერტიფიცირების ტესტს, Uniform Bar Exam-ს, ადამიანთა 90%-ზე უკეთ გაუმკლავდეს, როცა ChatGPT-ის შედეგი 10% იყო; Biology Olympiad-ს იგი 99%-ზე უკეთესად წერს, ChatGPT-ის 31%-თან შედარებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ GPT-4-ში ენების ფლობაც გაუმჯობესებულია. ქართველი მომხმარებლების გამოხმაურებიდან ჩანს, ეს ქართულ ენასაც საგრძნობლად შეეხო.
სიდიდეს რაც შეეხება, მოდელის წინა ვერსიას 175 მილიარდი პარამეტრი ჰქონდა, თუმცა ახალი ვერსიის პარამეტრების რაოდენობას კომპანია ამჯერად არ ამხელს. ბევრი არაფერი ვიცით იმის შესახებაც, თუ როგორ შეიქმნა GPT-4 — არც მონაცემები, არც გამოთვლითი ძალის სიდიდე და არც წვრთნის ტექნიკები.
როგორც OpenAI-ისგან გავიგეთ, ინფორმაციის სისწორესთან დაკავშირებული შედეგები ადამიანების უკუკავშირისა და განმტკიცებით დასწავლის მეშვეობით მიიღწა — მომხმარებლებს სხვადასხვა პასუხის შეფასებას სთხოვდნენ, მიღებულ მაჩვენებლებს კი სამომავლო პასუხების გასაუმჯობესებლად იყენებდნენ.
უახლესი მოდელი შეზღუდული ფორმატით იქნება ხელმისაწვდომი ChatGPT Plus-ზე, ჩატბოტის ფასიან ვერსიაზე. მომლოდინეთა სიის გავლის შემდეგ სხვადასხვა ბიზნესსაც შეეძლება, GPT-4 საკუთარ პროდუქტებში ჩააშენოს.
როგორ ვისარგებლოთ GPT-4-ით
GPT-4-ით სარგებლობას მხოლოდ ChatGPT+-ის საშუალებით შეძლებთ, ანუ ამისათვის ChatGPT-ის პრემიუმ ვერსია უნდა გამოიწეროთ. ეს თვეში $20 დაგიჯდებათ.
თუკი უფასო წევრობით სარგებლობთ, GPT-4-ის გამოსაცდელად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ. თავდაპირველად ამისათვის თქვენივე OpenAI ანგარიშში უნდა შეხვიდეთ.
მარცხენა მენიუდან "Upgrade to Plus" ღილაკი აირჩიეთ.
ამის შემდეგ ეკრანზე ფანჯარა გამოჩნდება, სადაც მწვანე "Upgrade Plan" ღილაკს დააჭერთ.
საიტი სპეციალურ გვერდზე გადაგამისამართებთ, სადაც გეგმის შესაძენად თქვენს მონაცემებს შეიყვანთ.
გადახდის შემდეგ ChatGPT-ში ახალი მოდელი უკვე ხელმისაწვდომი იქნება და ლოდინი აღარ მოგიწევთ.
ახალი ჩატის დაწყებისას ჩამოსაწევი მენიუ მოგცემთ საშუალებას, ან ძველი მოდელები აირჩიოთ, ან კიდევ ახალი GPT-4. გაითვალისწინეთ კომპანიის გაფრთხილებაც, რომ GPT-4 ისეთივე სწრაფი არ არის, როგორიც დანარჩენები.
თუკი ChatGPT-ის უკვე იყენებდით, შესაძლოა, GPT-4-ზე გადართვა ავტომატურად შეგახსენონ. არჩევის შემთხვევაში ძველი მოდელი ახლით ჩანაცვლდება და ამის საპასუხოდ არსებულ ჩატს ფრაზა "The previous model used in this conversation is unavailable. We've switched you to the latest default model" დაემატება. GPT-3-ის მიერ გენერირებულ პასუხებს მარცხნივ OpenAI-ის ძველი მწვანე ლოგო ექნება, GPT-4-ისებს კი — შავი.
GPT-4 უფასოდ?
ChatGPT-ში GPT-4 უფასოდ არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა Bing-ის მილიონობით ადამიანი მას უკვე თავისუფლად იყენებს. Microsoft-მა ახლახან დაადასტურა, რომ მომხმარებელთა აღნიშნულ ნაწილში ჩატბოტი GPT-4-ს უკვე იყენებს.
ასევე იხილეთ: სად გამოვცდით GPT-4-ს უფასოდ? — Microsoft-მა დაადასტურა, რომ მას თავიანთ ჩატბოტში იყენებენ
საგულისხმოა ისიც, რომ OpenAI-ის ბლოგპოსტის მიხედვით, GPT-4-ს უკვე არაერთი კლიენტი იყენებს, მათ შორის: Khan Academy, Stripe, Morgan Stanley და ისლანდის მთავრობა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, უახლეს მოდელთან შეხება მაინც გექნებათ.
კომენტარები