ირანთან დაძაბულობის ფონზე აზერბაიჯანმა "32 შიიტი დააკავა"
გავრცელებული ინფორმაციით, მეზობელ ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 32 შიიტი კაცი დააკავა.
ორშაბათს, რამდენიმე პროსამთავრობო მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული იდენტური სტატიების მიხედვით, კაცები მთავრობის დამხობას და აზერბაიჯანში რელიგიური სახელმწიფოს შექმნას გეგმავდნენ.
დაკავებები ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ზრდას მოჰყვა. მსგავსი პერიოდები ხშირად წინ უსწრებს ქვეყანაში შიიტური რელიგიური მოღვაწეების დარბევას.
სტატიების მიხედვით, სადაც ნაჩვენები იყო ყველა სავარაუდოდ დაკავებული ადამიანის ფოტოსურათი, ისინი "რელიგიის საფარქვეშ" დივერსიული აქტების განხორციელების გამო დააკავეს.
"დაკავებულებმა […] გააკეთეს ღია მოწოდებები, რომლებიც მიზნად ისახავდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის არსებული კონსტიტუციური სტრუქტურის ძალადობრივ შეცვლას".
ირანზე ფრთხილი მითითებით, სტატიებში კაცებს ასევე "უცხოური სპეცსამსახურებზე" მუშაობაში ადანაშაულებდნენ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მათ ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მიზანმიმართულად გაგზავნილი ნარკოტიკული საშუალების გაყიდვით დიდი ოდენობით თანხა მოიპოვეს. თავიანთი სახსრები კი რელიგიური რადიკალიზმის პოპულარიზაციისა და აზერბაიჯანში სხვა დესტრუქციული აქტივობების დასაფინანსებლად გამოიყენეს".
დაკავების ფაქტზე ხელისუფლებას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
დაძაბულობის ზრდა
დაკავებები აზერბაიჯანის მიერ ირანის საჰაერო სივრცის დარღვევაში დადანაშაულებას მოჰყვა. შაბათს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, აზერბაიჯანის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ ირანის სამხედრო თვითმფრინავი ორი ქვეყნის საერთო საზღვრის გასწვრივ დაფრინავდა და რამდენჯერმე გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას სამხედრო თვითმფრინავის მიახლოების შესახებ არ შეატყობინა, რაც მათი თქმით, არღვევს მიღებულ საერთაშორისო პრაქტიკას.
მათ დასძინეს, რომ ეს ინციდენტი "ემსახურება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებას".
აზერბაიჯანმა მომხდართან დაკავშირებით ირანის ელჩი დაიბარა.
ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ კანანმა თვითმფრინავის აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეში გადასვლა უარყო და ირანის ელჩის დაბარებას "არასწორი ნაბიჯი" უწოდა.
"თავდაცვის სფეროში აზერბაიჯანთან ურთიერთობა გვაქვს, საელჩოც კი აქტიურად მუშაობს, იქ ჩვენი სამხედრო ატაშეა", — განაცხადა კანანმა.
"მათ შეეძლოთ ამ საკითხზე ირანის საელჩოსა და ჩვენი სამხედრო ატაშესთვის მიემართათ. მხარეები საკითხზე იმსჯელებდნენ და შესაძლოა, გაუგებრობა თავიდან ყოფილიყო აცილებული."
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის დაზვერვის მინისტრი, გილა გამლიელი პრეზიდენტ ალიევს ბაქოში შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კვირას ბაქოს მე-10 გლობალურ ფორუმზე გამოსვლისას გამლიელმა ირანი რეგიონში არასტაბილურობის მთავარ მიზეზად დაასახელა.
ამერიკის ხმის ცნობით, მან თქვა, რომ ირანი არა მხოლოდ ისრაელის, არამედ მთელი მსოფლიოს მტერია.
დამოუკიდებელმა მკვლევარმა, შუჯაათ აჰმადზადამ, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სრულმასშტაბიანი ომი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ დასაშვებია მცირე შეტაკებები.
მისი თქმით, ირანთან "სიმეტრიული კონფლიქტი" აზერბაიჯანისთვის "მკვლელობის ტოლფასი იქნება", რადგან "ძალების ბალანსი აშკარად ირანის სასარგებლოდ არის" გადანაწილებული.
აჰმადზადამ დასძინა, რომ კონფლიქტს აქვს ძლიერი გეოპოლიტიკური ელემენტი და აზერბაიჯანი ამას იყენებს დასავლეთში ირანის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ქვეყნების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები