რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ხელოვნური ინტელექტი მრჩევლად დანიშნა
ხელოვნური ინტელექტი დღითიდღე ვითარდება და სულ უფრო მეტ სფეროში გამოიყენება. ახლა კი მას, არც მეტი, არც ნაკლები, ხელისუფლებაშიც შეხვდებით. კერძოდ, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩუკამ, AI, სახელად იონი, "ახალ საპატიო მრჩევლად" დანიშნა.
"გამარჯობა. თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ. მე იონი ვარ. ახლა ჩემი როლია, თქვენ წარმოგადგინოთ, სარკის მსგავსად", — განაცხადა ხელოვნურმა ინტელექტმა პრესკონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ მას სწორედ სარკის "სხეული" აქვს და ბოხი ხმა, რომლითაც სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკად მიჩნეულ 2001: A Space Odyssey-ში HAL 9000-სს მოგვაგონებს. მისი დანიშნულებაა, რომ ქვეყნის მოსახლეობას მოუსმინოს და მთავრობაში მათი წარმომადგენელი გახდეს.
იონი სოციალურ მედიაში არსებულ მოქალაქეების მოსაზრებებს თავს მოუყრის და მათ სურვილებს ხელისუფლებასთან გააჟღერებს, როგორც პოლიტიკურ იდეებს. თეორიულად, რუმინეთის მთავრობა ხელოვნური ინტელექტის მიერ მიწოდებულ ამ ინფორმაციას გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენებს.
როგორც ცნობილია, მოსახლეობას სპეციალური ვებპორტალის მეშვეობით იონთან კომუნიკაცია პირდაპირაc შეეძლება. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ასეთი მონაცემების მოპოვება საფრთხილოა, რადგან მის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს.
"რუმინელებს უნდა გააგებინონ და აუხსნან, თუ როგორ არჩევს ეს AI ხელსაწყო მნიშვნელოვან პოსტებს და რა კრიტერიუმებს ეფუძნება", — ამბობს AI რეგულაციის ექსპერტი, კრის შრიშეკი.
კომენტარები