ხელოვნური დამატკბობლები გულის შეტევისა და ინსულტის რისკებს ზრდის — კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, ნულოვანი კალორიული დამატკბობელი გულის შეტევისა და ინსულტის გაზრდილ რისკებთანაა დაკავშირებული.
ცნობილი როგორც ერითრიტოლი — შაქრის შემცვლელი ნივთიერება ბუნებრივად ყურძენსა და ზოგიერთ სოკოში გვხვდება. თუმცა, ასევე იწარმოება ინდუსტრიულად და ემატება საკვებს უფრო მაღალი კონცენტრაციით. მას ხშირად იყენებენ დაბალკალორიული, დაბალი ნახშირწყლებისა და "კეტო" პროდუქტების დასატკბობად, რომლებიც, როგორც წესი დაბალი ნახშირწყლების შემცველია.
კლივლენდის კლინიკის მკვლევრებმა 4 000-ზე მეტი ამერიკელი და ევროპელი შეისწავლეს, რომლებიც გადიოდნენ გულის გამოკვლევას. შედეგად დადგინდა, რომ მათ, ვისაც სისხლში ხელოვნური დამატკბობლის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ჰქონდა, დაავადების განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ იყვნენ. კვლევა Nature Medicine-ში გამოქვეყნდა და მასზე ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა უმრავლესობას უკვე ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა დაავადების გარკვეული ფორმა ან გამოუვლინდათ რისკ-ფაქტორები მომავალში გულის პრობლემების განვითარების მხრივ.
"ადამიანები ცდილობენ იკვებონ ჯანსაღად, მაგრამ უნებლიეთ შეიძლება თავს ზიანი მიაყენონ", — თქვა კვლევის თანაავტორმა სტენლი ჰეზენმა The New York Times-ს.
ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში ერითრიტოლი აძლიერებდა თრომბოციტების აქტივობას. ეს სისხლის უჯრედების ტიპია, რომელიც ერთმანეთს ეწებება და თრომბს წარმოქმნის. ანალოგიურად, თაგვებში, რომლებსაც გაუკეთეს ერითრიტოლი, თრომბები ბევრად სწრაფად წარმოიქმნა ტრავმის შემდეგ, ვიდრე თაგვებში, რომლებსაც გაუკეთეს ფიზიოლოგიური ხსნარი.
მათ ასევე აიღეს სისხლის ნიმუშები იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ერითრიტოლით დამტკბარი სასმელი მიიღეს და აღმოაჩინეს, რომ სისხლში დამატკბობლის დონემ პიკს მიაღწია რამდენიმე საათში და რჩებოდა ასე ორი დღის განმავლობაში. ეს საკმარისად მაღალი დონეა და შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის შედედებაზე.
ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა ან ინსულტი, რადგან თრომბის წარმოქმნის შედეგად სისხლის ნაკადის შეკუმშვა ხდება.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ კვლევას გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა: განსაკუთრებით ის რომ მონაწილეების უმეტესობა 60 წელზე მეტის იყო და უკვე აღენიშნებოდათ გულის დაავადებები. თუმცა, კვლევამ აჩვენა გარკვეული კავშირი თრომბის წარმოქმნასა და ერითრიტოლს შორის.
"ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია და ის, სავარაუდოდ, გამოიწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს. ჩვენ ბოლომდე არ გვესმის, რა შედეგები მოაქვს ინდუსტრიულ საკვებს ჯანმრთელობაზე და მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც იყიდება როგორც "ბუნებრივი", არ ნიშნავს რომ უსაფრთხოა ან კარგია ჩვენთვის", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები