ნახეთ: NASA-ს ასტრონავტმა დედამიწის ორბიტიდან პოლარული ციალი გადაიღო
დედამიწის გასაოცარი პოლარული ციალების ფოტოები, ალბათ, ყველას გინახავთ, მაგრამ როგორ ჩანს ისინი კოსმოსიდან?
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ასტრონავტმა ჯოშ კასადამ ახლახან მსგავსი ნათება სწორედ ჩვენი პლანეტის ორბიტიდან გადაიღო, კერძოდ კი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან. ეს უკანასკნელი ჩვენგან საშუალოდ 400 კილომეტრის მოშორებით მოძრაობს, იქიდან დაკვირვებისას კი ფერადოვანი ავრორა შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის.
"აბსოლუტურად არარეალური", — ასეთი სიტყვები წაუმძღვარა კასადამ სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომლითაც საზოგადოებას ფოტო გაუზიარა.
NASA-ს ასტრონავტმა ბოლოდროინდელი ციალის განსაკუთრებული ხედი იხილა, მაგრამ მას ხმელეთიდანაც მრავალი ადამიანი აკვირდებოდა. ეს ფენომენი მზის ქარის, დამუხტული ნაწილაკების ნაკადის დედამიწის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედების შედეგია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ვარსკვლავი ახლა საკმაოდ აქტიურია, პოლუსების მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს ციალების ნახვის შესაძლებლობა ხშირად აქვთ.
მაგალითად, 26 და 27 თებერვალს მზის გვირგვინიდან კორონალური მასის ამოფრქვევები მოხდა, რამაც ავრორას ფორმირებას შეუწყო ხელი. ნაკადი იმდენად მძლავრი იყო, რომ ნათება პოლუსებიდან საკმაოდ მოშორებითაც გამოჩნდა, მათ შორის კალიფორნიისა და ბრიტანეთის კუნძულების თავზე.
ჯოშ კასადა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ეკიპაჟის სამ სხვა წევრთან ერთად, ოქტომბერში გაემგზავრა. SpaceX-ის მისიის Crew-5 მონაწილეები ჩვენი პლანეტის ხედით კიდევ რამდენიმე დღე დატკბებიან, სანამ მათ ასტრონავტთა ახალი გუნდი არ ჩაანაცვლებს.
ცნობისთვის, მისია Crew-6 ორ მარტსაა ჩანიშნული.
კომენტარები