საუდის არაბეთში უზარმაზარი ცათამბჯენის აგება იგეგმება, რომელიც ჰოლოგრაფიულ სამყაროებში გვამოგზაურებს
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა, ქვეყნის დედაქალაქში ფუტურისტული ცენტრის შექმნის გეგმა გაასაჯაროვა, გრანდიოზული პროექტი, რომელსაც ახალი მურაბა ეწოდება.
ის 25 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე იქნება გადაჭიმული და 104 000 საცხოვრებელ შენობას, სასტუმროს 9 000 ოთახს, 980,000 კვადრატულ მეტრზე არსებულ სავაჭრო არეალს, 1.4 მილიონ კვადრატულ მეტრ საოფისე სივრცესა და სხვა დანიშნულების ნაგებობებს გააერთიანებს. ასევე, აღიჭურვება შიდა სატრანსპორტო სისტემითაც.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მთავარი ღირსშესანიშნაობა უზარმაზარი ცათამბჯენი იქნება, სახელად მუქააბი, კუბის ფორმის გიგანტური ნაგებობა, რომლის სიმაღლე, სიგანე და სიგრძე 400 მეტრს მიაღწევს. მის ცენტრში კოშკის მსგავსი სპირალური სტრუქტურა განთავსდება, მაგრამ ეს ყველაფერი არაა.
როგორც ამბობენ, მუქააბი "მსოფლიოში პირველი იმერსიული ადგილი" იქნება. ამაში იგულისხმება ვირტუალური სამყაროების გამოცდილებების მიღების შესაძლებლობა, ერთგვარი გაფართოებული (აუგმენტური) რეალობა, რომელიც ჰოლოგრაფიული ტექნოლოგიით მიიღწევა.
მაგალითად, ცათამბჯენში მყოფ ადამიანებს საშუალება მიეცემათ, რომ ერთ დღეს ზღვის სიღრმეში იმოგზაურონ, შემდეგ მარსის შთამბეჭდავი ხედებით დატკბნენ და, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, ჰაერში მოლივლივე კუნძულებს მიადევნონ თვალი. ფაქტობრივად, ეს იქნება ვირტუალური რეალობის "პლანეტარიუმი", რომელიც სხვადასხვა სამყაროში გადაგვიყვანს.
ახალი მურაბას პროექტის ერთ-ერთი მიზანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაა, სადაც მწვანე სივრცეები მოეწყობა ისევე, როგორც ველოსიპედით ან ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვის განკუთვნილი ბილიკები. ეს ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებას შეუწყობს ხელს და სიცოცხლის ხარისხს გააუმჯობესებს.
გეგმის მიხედვით, ახალი ცენტრის მშენებლობა 2030 წლამდე დასრულდება, რის შემდეგაც იქ 334 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
კომენტარები