გერმანული სტარტაპი ადამიანთა გვამებს ყინავს, რათა მომავალში გააცოცხლოს
უკვდავებაზე, ალბათ, ბევრ ჩვენგანს უფიქრია, მაგრამ ადამიანი სიკვდილის მოტყუებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. გერმანელ მეცნიერთა გუნდს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია, ამიტომ ისინი გვამებს ყინავენ, რათა მომავალში მათი გაცოცხლება შეძლონ.
ბერლინში დაფუძნებული სტარტაპი Tomorrow Biostasis ამ უჩვეულო პროცედურისას, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებსა თუ წიგნებში ხშირად გვხვდება, თხევად აზოტს იყენებს. მისი მეშვეობით მათ ათზე მეტი ადამიანის ცხედარი უკვე შეინახეს, რასაც კრიოკონსერვაცია ეწოდება.
სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ მედიცინაში გარღვევები მოხდება და უკურნებელი დაავადებებისა და თავად სიკვდილის დამარცხება შესაძლებელი გახდება, რისთვისაც სათანადო ზომებს წინასწარ იღებენ. ევროპის მრავალ ქვეყანაში სამეცნიერო დონაციის ასეთი პრაქტიკა იმდენად პოპულარული გახდა, რომ შესაბამის ინსტიტუტებში მსურველთა რიგებია და მათ გადასახადიც კი ეკისრებათ.
გამონაკლისი არც Tomorrow Biostasis-ია, რომლის სერვისით სარგებლობასაც ასამდე პოტენციური მომხმარებელი უცდის. ზოგ მათგანს მთლიანი სხეულის გაყინვა სურს, ზოგს კი მხოლოდ ტვინის. სტარტაპს უნდა, რომ ევროპაში პირველი კრიოგენური კომპანია გახდეს, რომელიც ადამიანებს ახალ სიცოცხლეს აჩუქებს.
დონაციის შედეგად მიღებული გვამები ხანგრძლივად შესანახად შვეიცარიაში მდებარე რაფცის მუნიციპალიტეტში იგზავნება. კერძოდ, ბიოსტაზის ევროპული ფონდის დაწესებულებაში, სადაც ისინი დაახლოებით -196 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე იყინება და თხევადი აზოტით სავსე იზოლირებულ ავზში თავსდება.
რაც შეეხება მათ გაცოცხლებას, ეს უკვე პრობლემური საკითხია და მოიცავს, როგორც წმინდა მეცნიერულ, ასევე ეთიკურ წინააღმდეგობებს, რომლებიც მომავალში შესაძლოა, გადაილახოს.
კომენტარები