Tesla Cybertruck უფრო მალე გამოვა, ვიდრე გვეგონა — როგორი იქნება ის
Tesla-ს გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი გვაქვს — თუ მრავალი გადავადებისა და პრობლემის შემდეგ Cybertruck-ის გამოსვლის იმედი გადაგეწურათ, დროა თავი გაიმხნეოთ, ეს იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე გეგონათ.
EV სფეროს ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი პროდუქტის, Tesla Cybertruck-ის სერიული წარმოება 2024 წელს დაიწყება. ეს ინფორმაცია კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა დაადასტურა.
InsideEV-ის ცნობით, მასკმა შეკითხვაზე, როდის იქნება Cybertruck ხელმისაწვდომი, უპასუხა, რომ წარმოება ზაფხულში დაიწყება, თუმცა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ავტომობილი 2024-ში გახდება.
ელექტრომობილი პირველად 2019 წელს გამოჩნდა და მაშინვე დიდი ინტერესი გამოიწვია. მიუხედავად მოლოდინისა, წარმოების დაწყება გეგმის მიხედვით ვერ მოხერხდა (პირველი ნაკადი 2021 წელს უნდა გამოსულიყო).
Tesla-მ განაცხადა, რომ მასობრივი წარმოებისთვის აუცილებელი დანადგარები უკვე განათავსა. Cybertruck ძირითადად ტეხასის დედაქალაქ ოსტინში არსებულ გიგანტურ ქარხანაში აიწყობა.
შეყოვნება ბატარეამ გამოიწვია
შეფერხების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი Cybertruck-ისთვის განკუთვნილი 4680-უჯრედიანი ბატარეის შექმნის უშედეგო მცდელობები იყო, რომელსაც ავტომობილისთვის 980კმ-ის გავლის საშუალება უნდა მიეცა.
2022 წლის პირველ ნახევარში მასკმა დაადასტურა, რომ ტეხასსა და ბერლინში მდებარე Giga საწარმოებში ბატარეის წარმოების შეფერხება კომპანიას ძალიან აზარალებდა. ამ შეფერხების გამო კომპანიამ Model Y SUV 2170-უჯრედიანი ბატარეის კომპლექტით გამოუშვა, რადგან 4680-უჯრედიანი კომპლექტის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოხერხდა.
დეკემბერში Tesla-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრა და კვირაში 1000 მანქანის წარმოება გახდა შესაძლებელი.
როგორი იქნება Cybertruck?
ქაღალდზე ავტომობილის მახასიათებლები ნამდვილად შთამბეჭდავია, რადგან ერთმოტორიანი მოდელი 100 კმ/სთ სიჩქარეს 6.5 წამში განავითარებს და მაქსიმუმ 177 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლება.
რაც შეეხება ორძრავიან მოდელს, მას 100 კმ/სთ-მდე მისაღწევად სულ რაღაც 4.5 წამი დასჭირდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 193 კმ/სთ იქნება. ყველაზე შთამბეჭდავი კი მაინც სამმოტორიანი მოდელია, რომელსაც მომხმარებლები ყველაზე მეტად ელოდებიან. თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილია, ეს მონსტრი Cybertruck 100კმ/სთ-ს 2.9 წამში განავითარებს და მაქსიმალური სიჩარე 209 კმ/სთ-ს მიაღწევს.
კომენტარები