ნახეთ: დინოზავრის სახე, რომელიც მილიონობით წლის შემდეგაც "ცოცხლად" გამოიყურება
2011 წელს პალეონტოლოგები დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ გადაშენებული დინოზავრის ნამარხს გადააწყდნენ, რომელიც ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ნიმუშია.
ესაა ანკილოზავრი, რომელსაც უცნაური შვერილები, კიდურების დიდი ნაწილი, კანი, ტანის მყარი საფარველი და მუცლის ღრუს ზოგიერთი შიგთავსი ჯერ კიდევ აქვს. რაც მთავარია, ცხოველს სახე თითქმის პირვანდელ მდგომარეობაში ამ დრომდე შეუნარჩუნდა, რაც მსგავსი ცხოველების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას გვაძლევს.
კანადაში მდებარე ტირელის სახელობის მუზეუმში მომუშავე მარკ მიჩელმა ქვისგან ნიმუშის გამოცალკევებას, რასაც დიდი სიფრთხილე სჭირდება, დაახლოებით 6 წელი და 7 000 საათი დაუთმო. ამ არსებას მეცნიერებმა, მის პატივსაცემად, Borealopelta markmitchelli დაარქვეს. სპეციალისტი სხვადასხვა ნაწილს თავსატეხივით აწყობდა, სანამ ცხოველმა ფორმა არ მიიღო და მისი განსაკუთრებულობაც არ გამოჩნდა. მკვლევრების თქმით, ეს "მილიარდში ერთი მიგნებაა".
2017 წლიდან მოყოლებული, ზემოხსენებული დინოზავრის შესწავლის შემდეგ, არაერთი კვლევა გამოქვეყნდა. მაგალითად, ერთ-ერთში წარმოდგენილია ანკილოზავრების ძვლების უჩვეულო სტრუქტურის, ოსტეოდერმის ანალიზი. ნიმუშში 172 მათგანი თავდაპირველი ბუნებრივი მდებარეობით გამოვლინდა, რაც იშვიათია, რადგან ჩონჩხი იშლება ხოლმე.
ავტორებმა დაადგინეს, რომ ამ სახეობისთვის დამახასიათებელი შვერილების ფუნქცია მტაცებლებისგან თავის დაცვა სულაც არ ყოფილა, არამედ მას ეს არსებები შეჯვარების მიზნით, მეწყვილის მოსახიბლად იყენებდნენ.0
სხვა ნაშრომში მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ Borealopelta markmitchelli კამუფლაჟის ერთ-ერთ ფორმას იყენებდა, რომელსაც დამცავი შეფერადება ეწოდება. ამ დროს სხეულის ზედა მხარე უფრო მუქი შეფერილობისაა, ქვედა კი — ღია, რაც მსგავსი ზომის ცხოველებში იშვიათია. დინოზავრის თავდაცვის ორმაგი ხერხი (შვერილები და კამუფლაჟი) მიანიშნებს, რომ იმ დროინდელი გარემო საკმაოდ საშიში იყო.
ერთ-ერთი ბოლო კვლევიდან Borealopelta markmitchelli-ის მაგვარი დინოზავრების კვების რაციონის შესახებაც ვიგებთ, რისი შესაძლებლობაც ხშირად არ გვეძლევა. ფაქტობრივად, ეს უნიკალური ნიმუში უძველესი, გადაშენებული ცხოველების სამყაროზე უმნიშვნელოვანეს მონაცემებს გვაწვდის.
კომენტარები