ChatGPT-ის შექმნის პროცესში OpenAI ადამიანების შრომით ექსპლუატაციას ეწეოდა — TIME
TIME-ის ცნობით, Open AI-ის პოპულარულ ჩეთბოტ ChatGPT-ის შექმნაზე მომუშავე ადამიანებს ძალიან ცოტას უხდიდნენ და მათი ფსიქოლოგიური ექსპლუატაციაც ხორციელდებოდა.
მონაცემთა დახარისხებაზე პასუხისმგებელ კენიურ ჯგუფს, რომელთაც სან ფრანცისკოში მდებარე ფირმა Sama აკონტროლებდა, წარმოუდგენლად დაბალ ხელფასს უხდიდა კომპანია, რომელიც სულ ცოტა ხანში Microsoft-ისგან 10 მილიარდ დოლარიან ინვესტიციას მიიღებს. გარდა ამისა, დასაქმებულებს ყოველდღიურად უამრავ მძიმე, გრაფიკულ კონტენტთან ჰქონდათ შეხება, რათა ის დაეხარისხებინათ.
ასევე იხილეთ: Microsoft OpenAI-სთვის 10-მილიარდიან ინვესტიციას ამზადებს
2021 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, OpenAI-მ დასახარისხებლად დასაქმებულებს ათასობით ტექსტის ნიმუში გაუგზავნა. ამ ადამიანებს ყოველდღიურად ასობით მკვლელობის, პედოფილიის, ზოოფილიის, თვითმკვლელობის, წამების, თვითდაზიანებისა და ინცესტის შემცველი ტექსტის კითხვა უწევდათ, ამ ყველაფერში კი საათში 1 ან 2 დოლარს იღებდნენ — თვეში საშუალოდ 170 დოლარს. ყოფილი თანამშრომლების ცნობით, ეს სამუშაო მათ მენტალურად ასახიჩრებდა და აწამებდა.
Sama-ს ცნობით, ისინი დასაქმებულებს ფსიქოლოგის მომსახურებას სთავაზობდნენ, თუმცა რეალურად, ეს მომსახურება ჯგუფური თერაპიებით შემოიფარგლებოდა და ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. ფირმა აცხადებს, რომ თანამშრომლების ფსიქოლოგიურ მდოგმარეობას ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
TIME-ის ცნობით, გარდა ტექსტებისა, რაღაც უცნობი პროექტისთვის ამავე თანამშრომლებს ხშირად ამავე შინაარსის შემცველი ფოტოების დახარისხებაც კი უწევდათ. Sama-ს კონტრაქტი OpenAI-სთან 2022 წლის თებერვალში ამოეწურა, ამავე წლის დეკემბერში კი ChatGPT-მა ინტერნეტი წალეკა.
გაშვების მომენტისთვის ყველას უკვირდა, რომ ChatGPT-ს ძალიან კარგი არიდების მექანიზმი ჰქონდა და თითქმის შეუძლებელი იყო, მისთვის რასისტული, ძალადობრივი და რამე მსგავსი ფრაზა დაგვეცდინა. ასევე თუ ჩეთბოტი ტექსტს რადიკალურად და ფანატიკურად თვლიდა, აწითლებდა მას და ავტორს აფრთხილებდა.
კომენტარები