ისტორიაში პირველად: აშშ-ში მეთაფლია ფუტკრების დამცავი ვაქცინა დაამტკიცეს
აშშ-ში მეთაფლია ფუტკრებისთვის განკუთვნილი პირველი ვაქცინა დაამტკიცეს.
ვაქცინა AFB-ის (American foulbrood) დასამარცხებლად შეიმუშავეს. ეს ბაქტერიული მდგომარეობაა, რომელიც ფუტკრის კოლონიებს ლარვაზე შეტევით ასუსტებს.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) შესაბამისი ლიცენზია მწარმოებელ კომპანიას რამდენიმე დღის წინ მისცა.
როგორც დამტვერვაში მონაწილე არსებები, ფუტკრები ეკოსისტემის მრავალ ასპექტში კრიტიკული მნიშვნელობის მწერები არიან.
ასევე ნახეთ, როგორ გამოიყურება სამყარო ფუტკრების გარეშე
ვაქცინა მეთაფლია ფუტკრების გადარჩენის საქმეში წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია. მისი მოქმედების მექანიზმი სტანდარტულია — დედოფალ ფუტკარს AFB-ის არააქტიური ბაქტერია მიეწოდება, რის შემდეგაც ლარვებს იმუნიტეტი გამოუმუშავდებათ.
სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ში მეთაფლია ფუტკრების კოლონიების რაოდენობა 2006 წლიდან მუდმივად მცირდება.
USDA-ის ცნობით, მეთაფლია ფუტკრების სიცოცხლეს საფრთხეს არაერთი ფაქტორი უქმნის: პარაზიტები, პესტიციდები, დაავადება და ე.წ "კოლონიის კოლაფსი", რომელიც ხდება მაშინ, როცა მუშა ფუტკრები სკასა და დედოფალ ფუტკარს ტოვებენ.
ასევე იხილეთ: ბოლო 50 წლის განმავლობაში ფუტკრების სიცოცხლის ხანგრძლივობა განახევრდა — ახალი კვლევა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, დამტვერვაში მონაწილე ისეთი არსებებს, როგორებიც ფუტკრები, ჩიტები და ღამურები არიან, მსოფლიოს მოსავლის დაახლოებით მესამედს უნდა ვუმადლოდეთ.
AFB მეფუტკრეთათვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ძალიან გადამდებია და აქამდე მისი წამალი არ არსებობდა. მისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება დაავადებული კოლონიის, მათი სკებისა და მოვლის ინვენტარის დაწვა და მეზობელი კოლონიების ანტიბიოტიკებით მომძლავრებაა.
ახალი ვაქცინა სწორედ ამ დაავადების საწინააღმდეგოდაა შექმნილი. დედოფალს დასუსტებული ბაქტერია საკვების სახით მიეწოდება, გავრცელება კი უკვე მისი პასუხისმგებლობაა.
ვაქცინა Dalan Animal health-მა შექმნა.
"ეს მეფუტკრეებისათვის წინ გადადგმული საოცარი ნაბიჯია. თუ ჩვენ შევძლებთ, აღვკვეთოთ ინფექცია ჩვენს სკებში, ამით ძვირადღირებული წამლების ხარჯებს შევამცირებთ და ენერგიას სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს მოვახმართ", — განაცხადა კალიფორნიის შტატის მეფუტკრეთა ასოციაციის საბჭოს წევრმა ტრევორ ტაუზერმა.
Dalan ვაქცინას თავდაპირველ ეტაპზე კომერციულ მეფუტკრეებს შეზღუდული რაოდენობით მიაწვდის, ხოლო 2023 წლის განმავლობაში მისი შეძენა ყველასათვის იქნება შესაძლებელი.
კომენტარები