აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელზეც ახალი წელი ყოველ 5 დღეში ერთხელ დგება
დედამიწაზე ახლახან 2023 წლის დადგომა ვიზეიმეთ, 2024-ის აღსანიშნად კი ლოდინი 365 დღე-ღამე მოგვიწევს. სწორედ ეს დრო სჭირდება ჩვენს პლანეტას მზის გარშემო შემოსავლელად, თუმცა წლის ხანგრძლივობა ყველა ციურ სხეულზე ერთნაირი არაა, რადგან ეს ვარსკვლავთან დისტანციასა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.
ასევე, იხილეთ: რამდენ ხანში ერთხელ დგება ახალი წელი სხვადასხვა ციურ სხეულზე
ასტრონომებმა ახლახან აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელზეც ახალი წელი, არც მეტი, არც ნაკლები, ყოველ 5 დღეში ერთხელ დგება. საუბარია ჩვენგან დაახლოებით 530 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ვარსკვლავის გარშემო მოძრავ TOI-778 b-ზე, რომელიც იუპიტერზე სამჯერ დიდია. ის "ცხელი იუპიტერის" ტიპის პლანეტაა, ანუ აირისგანაა შედგენილი და მნათობთან ძალიან ახლოს გადაადგილდება. ამის გამო იქ ექსტრემალური პირობებია, მაგალითად, ზედაპირზე იმდენად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რომ ის რკინის ასაორთქლებლად საკმარისია.
TOI-778 საკუთარი ვარსკვლავისგან დაახლოებით 9 მილიონ კილომეტრ დისტანციაზეა. შედარებისთვის, ჩვენს მზის სისტემაში მნათობთან ყველაზე ახლოს განლაგებულ მერკურისა და მზეს შორის მანძილი 46 მილიონი კილომეტრია. ახალაღმოჩენილი ეგზოპლანეტის რადიუსი იუპიტერისას 1.4-ჯერ აღემატება და მასზე 2.8-ჯერ მასიურია.
თავად ვარსკვლავი ჩვენს მზეზე 71 პროცენტით დიდი ზომისაა და 40 პროცენტით მეტი მასა აქვს. ასევე, ის ძალიან სწრაფად, წამში 40 კილომეტრი სიჩქარით ბრუნავს. ეს მნათობი 1.95 მილიარდი წლისაა, ანუ 4.6 მილიარდი წლის მზეზე ბევრად ახალგაზრდაა. მის ზედაპირზე ტემპერატურა, სავარაუდოდ, 6 700–6 800 კელვინს აღწევს.
TOI-778 b-ს მეცნიერებმა კოსმოსური ტელესკოპის TESS მეშვეობით მიაგნეს, რისთვისაც ტრანზიტის მეთოდი გამოიყენეს. ეს ნიშნავს, რომ მათ გამოიკვლიეს სიკაშკაშის ცვლილება, რომელიც დედამიწის პერსპექტივიდან ვარსკვლავის დისკოს წინ ციური სხეულის ჩავლით იყო გამოწვეული. მონაცემები სპეციალისტებმა ხმელეთზე განლაგებული ობსერვატორიებითაც გადაამოწმეს.
საინტერესოა, რომ TOI-778 b-ს ორბიტა ვარსკვლავის ეკვატორს თითქმის ემთხვევა. ასტრონომთა აზრით, ის ამ პოზიციამდე ნელ-ნელა მივიდა და არა ქაოსური პროცესების შედეგად. ავტორთა ნაშრომი სამეცნიერო პორტალ ArXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები