გერმანიაში აგებენ გზას, რომელიც ელექტრო ავტომობილებს უსადენოდ დატენის
Businesswire-ის ცნობით, წამყვანი ტექნოლოგიების გამოყენებით გერმანიაში შენდება გზა, რომელზეც კომერციული და საქალაქო ელექტრო ტრანსპორტი უსადენოდ, გადაადგილებისას დაიტენება.
Electreon, კომპანია, რომელიც ამ საქმისთვის შეირჩა, EV-ების უსადენო დატენვის საქმეში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მწარმოებელია. კომპანიას უსადენო დატენვის მაღალგანვითარებული ტექნოლოგიებისა და მათი ეკომეგობრულობის დამსახურებით არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული.
ტექნოლოგიას ელექტრო ტრანსპორტის დატენვა როგორც დინამიკურ, ისე სტატიკურ მდგომარეობაში შეუძლია. ის ამცირებს მოთხოვნას ბატარეის ხანგრძლივობაზე, უხსნის მძღოლს გასავლელ დისტანციაზე ფიქრით გამოწვეულ სტრესს და, რაც ყველაზე მთავარია, ტენის ავტომობილს სწრაფად და უსაფრთხოდ. კომპანია მუშაობს ქალაქებთან და ავტოპარკის ოპერატორებთან, რათა ელექტრომობილებს გაუწიოს პოპულარიზაცია.
ელექტრო ტრანსპორტის დამტენების უდიდეს გერმანულ მწარმოებელთან, EnBW-სთან ერთად, Electreon გზის გასწვრივ 1-კილომეტრიან ელექტრულ სისტემას შექმნის.
პროექტის ორი ძირითადი ეტაპი
პროექტი ქალაქ ბალინგენში ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაიგება 400 მეტრი სიგრძის ტრასა, რომლის თავსა და ბოლოშიც სტატიკური დამტენებიც იქნება დამონტაჟებული. მეორე ეტაპზე კი გზას კიდევ 600 მეტრი დაემატება.
Electreon-ის ტექნოლოგია წარმატებით კარლსრუეში, EnBW-ის ბაზაზე გამოიცადა. ბალინგენის პროექტისთვის გამოყოფილი თანხა 3.4 მილიონ დოლარს შეადგენს.
"ბალინგენის პროექტი აჩვენებს, თუ როგორ ინოვაციურად და თანმიმდევრულად ვმუშაობთ გერმანიაში ელექტრომობილურობის წასახალისებლად. ჩვენ გვაქვს ჰოლისტური მიდგომა და გვსურს, უსადენო დატენვის ტექნოლოგია გერმანულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოვარგოთ. ამისათვის საჭიროა ხელისუფლების, ენერგოქსელის ოპერატორების, ავტობუსების ოპერატორებისა და საზოგადოების ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობებში დარწმუნება. როგორც მოწინავე მწარმოებლები, მოხარულები ვართ, რომ ამ EnBW ამ იმედისმომცემი პროექტის ნაწილია ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორიც Electreon და კარლსრუეს ტექნოლოგიის ინსტიტუტია", — განაცხადა EnBW-ის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელმა მაქსიმილიან არნოლდმა
კომენტარები