Twitter-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ეყოლება — ხალხმა მასკის გადადგომა აირჩია
ილონ მასკმა რამდენიმე საათის წინ Twitter-ის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა გამოკითხვა, სადაც მომხმარებლებს ჰკითხა, უნდა გადამდგარიყო ის სოციალური ქსელის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან თუ არა. გარდა ამისა, ამავე ტვიტში ამერიკელმა მილიარდერმა აღნიშნა, რომ ამ გამოკითხვის შედეგებს დაემორჩილებოდა.
გამოკითხვაში მონაწილეობა დაახლოებით 17.5-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო, რომელთა 57.5%-მა ილონ მასკის გადადგომას დაუჭირა მხარი. ეს ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში სოციალურ პლატფორმას ახალი მმართველი ეყოლება და მასკის უცნაური მმართველობა ასევე უცნაურად დასრულდება.
თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი მილიარდერი პირობას შეასრულებს. მასკმა ბოლო პერიოდში თავის რამდენიმე პრინციპს უკვე უღალატა. ბიზნესმენმა, რომელიც თავს "თავისუფალი სიტყვის აბსოლუტისტს" უწოდებს, ბოლო რამდენიმე დღეში უკვე კონკურენტი Mastodon-ისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გალაშქრება მოასწრო და არაერთი ადამიანის Twitter ანგარიში დაბლოკა.
ასევე იხილეთ: მასკი Mastodon-ს ომს უცხადებს — Twitter-მა კონკურენტის ანგარიში დაბლოკა
Twitter-ის მფლობელს კომენტარი ჯერ ისევ არ გაუკეთებია. დუმილი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე საათი გაგრძელდება. როგორც მასკის პირადი თვითმფრინავის თვალთვალით დაკავებული ადამიანებისგან ვიგებთ, ის ახლა ჰაერშია: მასკი რამდენიმე საათის წინ დოჰიდან გამოფრინდა, სადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გუშინ გამართულ ფინალს დაესწრო.
კომენტარები