მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის — ეს ახლა ბერნარ არნოა
2021 წლის სექტემბრის შემდეგ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველ პოზიციას ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი, იკავებდა. მილიარდერის სიმდიდრის ზრდის მთავარ მიზეზს მისი ავტომწარმოებელი კომპანიის Tesla-ს აქციების ფასის ზრდა წარმოადგენდა. 2022 წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 50%-ით დაეცა, შესაბამისად, მასკმა, Bloomberg-ის ცნობით, მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
2021 წელი მასკისა და Tesla-სთვის ძალიან წარმატებული იყო. კომპანიის აქციის ფასმა ნოემბერში 407.36 დოლარს მიაღწია, მასკის ქონებამ კი ჯამურად 340 მილიარდი დოლარი შეადგინა. ზუსტად ერთი წლის წინ, TIME-მა ის წლის ადამიანად დაასახელა. მიუხედავად ამისა, 2022 წელი ასეთივე წარმატებული არ აღმოჩნდა.
აპრილში ილონ მასკმა განაცხადა, რომ Twitter-ის ყიდვასა და სოციალური ქსელის ნამდვილი პოტენციალის წარმოჩენას აპირებდა. აპრილი ამ შეთავაზებისთვის საუკეთესო დრო არ აღმოჩნდა, რადგან აშშ-ის ფედერალურმა ბანკმა, ინფლაციის შეკავების მიზნით, ფისკალური პოლიტიკა გაამკაცრა. სულ რამდენიმე დღეში, შეთავაზებული 44 მილიარდი დოლარი არანორმალურად დიდი თანხა აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები, მაღალი საპროცენტო განაკვეთის გავლენით, საგრძნობლად შემცირდა.
ასევე იხილეთ: ილონ მასკმა ბოლო ერთ წელში 100 მილიარდი დოლარი დაკარგა
Twitter-ზე ოცნებამ Tesla აზარალა
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის მასკი უკვე უმდიდრესი ადამიანი იყო, ამ პირობებში 44 მილიარდი დოლარის გადახდა ნამდვილად არ აწყობდა, შესაბამისად, გადაწყვეტილებაზე უარი თქვა, თუმცა Twitter-მა უჩივლა და პრობლემების თავიდან ასარიდებლად მილიარდერს სოციალური ქსელის ამ ფასად შეძენა მაინც მოუწია.
Twitter-ის შეძენის პროცესის დასაფინანსებლად Tesla-ს მფლობელს აქციების არცთუ მცირე ნაწილის გაყიდვაც მოუხდა, ინვესტორები კი ამ საქციელმა ძალიან დააფრთხო.
ასევე იხილეთ: საგა დასრულდა — მასკმა Twitter შეიძინა და წმენდა დაიწყო
ყოველი დღე, რომელსაც მასკი Twitter-ის გადასარჩენად ხარჯავს, Tesla-ს უფრო და უფრო ძვირი უჯდება. დამფუძნებელმა, რომელიც კომპანიის აქციების 14%-ს ფლობს, უკვე 100 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა და ახლა მისი ქონება 164 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
უმდიდრესი ადამიანების სიაში კი ამასობაში ილონ მასკს ბერნარ არნომ გადაასწრო.
ვინ არის ბერნარ არნო?
73 წლის ბერნარ არნო პირველი ფრანგი და, ზოგადად, ევროპელია, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა. Bloomberg-ის ცნობით, განათლებით ინჟინერი არნო საფრანგეთში ინდუსტრიულ მშენებლობებზე მუშაობდა, სანამ 1981 წელს აშშ-ში უძრავი ქონების სფეროში სამუშაოდ არ გადავიდა.
სამი წლის შემდეგ, ის საფრანგეთში დაბრუნდა და ძვირადღირებული ნივთების ბაზარზე შეაბიჯა, როცა Boussac Saint-Freres შეიძინა, ტექსტილის ჯგუფი, რომელიც გაკოტრდა, თუმცა Christian Dior-ს ფლობდა. მოგვიანებით, არნომ LVMH-ის (LVMH Moët Hennessy Louis Vuitton) საკონტროლო პაკეტი შეიძინა.
LVMH შემოსავალს შამპანურის, ღვინის, სპირტიანი სასმელების, სუნამოების, კოსმეტიკის, კანის მოვლის საშუალებებისა და სხვა მრავალი ძვირადღირებული პროდუქტის გაყიდვით იღებს. კომპანიას მთელ მსოფლიოში 5500 მაღაზიაზე მეტი აქვს და, ბუნებრივია, ტექნოლოგიების ბაზარზე მიმდინარე კრიზისი მას ვერ აზარალებს.
ბერნარ არნოს საზოგადოებაში გამოჩენა დიდად არ უყვარს და, ილონ მასკისგან განსხვავებით, Twitter-ის ანგარიშიც კი არ აქვს. მეტიც, ცოტა ხნის წინ LVMH-მა გაყიდა კერძო თვითმფრინავი და დაიწყო ამ მომსახურების დაქირავება, რათა სხვადასხვა წყაროს მხრიდან თვალთვალი თავიდან აერიდებინა.
კომენტარები