Tesla-ში კრიზისია — ინვესტორები მასკზე ბრაზობენ
The Wall Street Journal-ის ცნობით, ინვესტორები Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორზე, ილონ მასკზე, გაბრაზებულები არიან, რადგან თვლიან, რომ მან კომპანია მიმდინარე კრიზისში მიატოვა.
"დღეს Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი არ ჰყავს", — დატვიტა გერი ბლექმა, რომელიც კომპანიის 50 მილიონი დოლარის ღირებულების აქციებს ფლობს.
კოშმარული კვირის შემდეგ, ახალი კვირა კიდევ უფრო მძიმედ დაიწყო, რადგან ორშაბათს, 12 დეკემბერს Tesla-ს აქციების ფასი 6%-ზე მეტით დაეცა. 2022 წელს კომპანიის ღირებულება განახევრდა.
ამერიკელი მილიარდერი კი თავისი დროის უდიდეს ნაწილს Twitter-ის სათაო ოფისში ატარებს, რათა სოციალური ქსელის კრიზისს რამე მოუხერხოს და გადახდილი ათეულობით მილიარდი წყალში არ ჩაიყაროს.
ასევე იხილეთ: საგა დასრულდა — მასკმა Twitter შეიძინა და წმენდა დაიწყო
ინვესტორების თქმით, Twitter-ის ირგვლივ არსებული გაუგებრობა Tesla-ს რეპუტაციას სერიოზულ ზიანს აყენებს. გასულ კვირას მასკმა, რომელმაც უკვე Tesla-ს 19 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა, სოციალური ქსელი ტრანსფობიური ხუმრობების გამოსაქვეყნებლად, კომპანიის ყოფილი აღმასრულებლების გასალანძღად და კოვიდის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენა.
შესაბამისად, გასაგებია, რომ Tesla-ს ინვესტორები მასკის ქცევით მოხიბლულები არ არიან და ავტომწარმოებელი კომპანიის ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.
ბლექი არ არის ერთადერთი ინვესტორი, რომელმაც აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა:
"Tesla-ს პრობლემა საერთოდ არ აქვს, გარდა იმისა, რომ მისი აღმასრულებელი დირექტორი სხვა კომპანიაში მუშაობს. ეს კომპანია ნამდვილად იმსახურებს უფრო ფოკუსირებულ დირექტორს. სასარგებლო იქნებოდა იმის ცოდნა, თუ რა გეგმები აქვს ილონს", — დაწერა Twitter-ზე ინვესტორმა როს გერბერმა.
მიუხედავად ყველაფრისა, მასკი ამბობს, რომ Tesla-სა და SpaceX-ს უყურადღებოდ არ ტოვებს, თუმცა ამ კომპანიების მმართველი გუნდები იმდენად კომპეტენტურები არიან, რომ მას ჩარევა ხშირად არ უწევს.
კომენტარები