ახალი ხელოვნური ინტელექტის თქმით, იგი ხელოვანებს ჩაანაცვლებს და ისინი შიმშილით დაიხოცებიან
როგორც ამბობენ, სამომავლოდ, მისმა მსგავსმა ტექნოლოგიამ, შესაძლოა, ხელოვანების კარიერა დაასამაროს.
OpenAI-ის ტექსტის გენერირების ახალი ჩეთბოტი, ChatGPT, ერთი მხრივ, გასაოცარი ტექნოლოგიური მიღწევაა, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოშობს უამრავ ეთიკურ საკითხს. ჩეთბოტს თითქმის ყველა თემაზე შეუძლია "საუბარი" და, როგორც ამბობენ, სამომავლოდ, მისმა მსგავსმა ტექნოლოგიამ, შესაძლოა, ხელოვანების კარიერა დაასამაროს.
ასევე იხილეთ: რა არის ChatGPT, რომელზეც ყველა საუბრობს, და შეუძლია თუ არა მას Google-ის ჩანაცვლება?
როდესაც თავად ChatGPT-ს ჰკითხეს, თუ როგორი იქნებოდა მომავალი, სადაც ხელოვნური ინტელექტი მხატვრებსა და მწერლებს ანაცვლებს, მან, არც მეტი, არც ნაკლები, უპასუხა, რომ ბევრი ხელოვანი სამსახურს დაკარგავს, რადგან მათი უნარები მოთხოვნადი აღარ იქნება, ხოლო მთავრობა ეცდება, მათ სოციალური დახმარება გაუწიოს. თუმცა ეს საკმარისი არ იქნება და ბევრ მათგანს არჩევანის გაკეთება მოუწევს საჭმელსა და ქირის ფულს შორის, ხოლო ზოგიერთი უსახლკარო გახდება. შემდეგ ხელოვანები ეცდებიან, გაერთიანდნენ და შექმნან პლატფორმა, სადაც "ნამდვილ" ხელოვნებას გამოფენენ, თუმცა მათი მცდელობა კრახით დასრულდება.
"ძალიან ბევრი მწერლისა და მხატვრისთვის სიტუაცია შემზარავი იყო. ისინი იძულებულნი გახდნენ, ქუჩებში ეცხოვრათ და არსებობისთვის ებრძოლათ მსოფლიოში, რომელიც მათ ნიჭს უკვე აღარ აფასებდა", — წერს ჩეთბოტი მომავლის სცენარის აღწერისას. "საბოლოოდ, წერისა და ხატვის ინდუსტრიის AI-ის ხელში გადასვლა იყო ტრაგიკული და დამანგრეველი მოვლენა, რომელმაც უამრავი ნიჭიერი ინდივიდი არსებობისთვის ბრძოლას შეატოვა მსოფლიოში, რომელშიც მათი ადგილი აღარ იყო."
ტექნიკურ დონეზე, მხატვრული ლიტერატურის შემუშავება და სცენარებისა თუ ლექსების წერა, მართლაც, შთამბეჭდავია, თუმცა გაურკვეველია, რამდენად შორს წავა ეს ტექნოლოგია. ერთ სცენარში, იგი შეიძლება კონკურენციას ვერ უწევდეს ადამიან მწერლებს და მათ ანალიტიკურსა თუ მხატვრულ ოსტატობას, თუმცა, მეორე სცენარში, თუკი OpenAI და მისი მსგავსი კომპანიები შეძლებენ, შეინარჩუნონ პროგრესის ტემპი, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აჩვენეს, დამაჯერებლობას იძენს ის აზრი, რომ ბევრმა ხელოვანმა შეიძლება, საარსებო წყარო დაკარგოს.
ასევე იხილეთ: ხელოვნური ინტელექტი თქვენს სიტყვებზე დაყრდნობით მუსიკას შექმნის — მუსიკოსებს სანერვიულო გაუჩნდათ
ჯერჯერობით, ტექნოლოგიას ხარვეზები აქვს, რაც გამოიხატება არაერთი მომხმარებლის მიერ ხაზგასმულ მიკერძოებებსა და ინფორმაციის შეცდომით მიწოდებაში. თუმცა ჩეთბოტი აუცილებლად დაიხვეწება და, ვინ იცის, იქნებ მისი აღწერილი სცენარი რეალობად იქცეს?
კომენტარები