სად მდებარეობს სამყაროს ცენტრი? — რას ამბობს მეცნიერება
თუკი თქვენი ეგო თქვენი ინტელექტის კოეფიციენტს აღემატება, შეიძლება, თავი სამყაროს ცენტრი გეგონოთ, მაგრამ ნამდვილად ასეა? და თუკი დავუშვებთ (ცოტა ხნით მაინც), რომ თქვენ სამყაროს ცენტრი არ ხართ, მაშ, სად მდებარეობს იგი?
იმ ადამიანებს, რომლებიც სამყაროს ცენტრად ჯერ კიდევ დედამიწას მიიჩნევენ, იმედი უნდა გავუცრუოთ და ვუთხრათ, რომ სამყაროს, რეალურად, ცენტრი არ გააჩნია. 13,7 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქების შემდეგ სამყარო ფართოვდება. მაგრამ მიუხედავად მისი სახელისა, დიდი აფეთქება არ იყო აფეთქება, რომელიც აფეთქების ცენტრალური წერტილიდან გამოიტყორცნა. სამყარომ არსებობა დაიწყო ძალიან მცირე და კომპაქტურ ზომებში, შემდეგ კი მისი ყველა წერტილი თანაბრად გაფართოვდა და ასე გრძელდება დღესაც. ასე რომ, წარმოშობის წერტილის გარეშე, სამყაროს არ აქვს ცენტრი.
ასევე იხილეთ: ჩვენი ცოდნა კოსმოსზე რევოლუციურად შეიცვლება — სამყარო, შესაძლოა, ისე არ ფართოვდება, როგორც გვეგონა
ამის უკეთ გასააზრებლად, შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ ორგანზომილებიანი ჭიანჭველა, რომელიც ცხოვრობს იდეალურად სფერული ბუშტის ზედაპირზე. ჭიანჭველას თვალსაზრისით, ზედაპირი ყველგან ერთნაირად გამოიყურება: მასზე არც ცენტრია და არც ზღვარი. თუ ბუშტს გაბერავთ, ჭიანჭველა დაინახავს თავისი ორგანზომილებიანი სამყაროს გაფართოებას. ხოლო თუკი ბუშტის ზედაპირზე წერტილებსაც დახაზავთ, ისინი ისევე დაშორდება ერთმანეთს, როგორც კოსმოსში არსებული გალაქტიკები. ჭიანჭველასთვის ამ ორგანზომილებიან სამყაროში, ნებისმიერ მესამე განზომილებას, რომელიც ვრცელდება ბუშტის ზედაპირზე პერპენდიკულარულად — ბუშტის ცენტრში მოგზაურობასავით — არ აქვს ფიზიკური მნიშვნელობა.
"მან იცის, რომ შეუძლია, წინ და უკან ან მარჯვნივ და მარცხნივ წავიდეს", — თქვა ბარბარა რაიდენმა, ასტროფიზიკოსმა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. "მაგრამ მას არ გააჩნია ცნებები — 'ზევით' და 'ქვევით'."
ჩვენი სამყარო არის ჭიანჭველას 2D ბუშტის სამყაროს 3D ვერსია. მაგრამ ბუშტის ანალოგია, თავისი შეზღუდული ზედაპირის ფართობით, წარმოადგენს სასრულ სამყაროს. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოლოგთა დაკვირვებები კოსმოსზე მხოლოდ სასრულ ხედვას გვთავაზობს, მთელი სამყარო, შეიძლება, უსასრულო იყოს.
სამყარო ბრტყელია თუ გამრუდებული, დამოკიდებულია კოსმოსის მასისა და ენერგიის მთლიან რაოდენობაზე. თუ სამყაროს მასა და ენერგიის სიმკვრივე ზუსტია — ე.წ. კრიტიკული სიმკვრივის დროს — მაშინ სამყარო ფურცელივით ბრტყელი იქნება და სტაბილურად აჩქარებული ტემპით გაფართოვდება. მაგრამ თუ სიმკვრივე უფრო მაღალია, მაშინ კოსმოსი ბუშტის მსგავსად გამრუდებული იქნება. ამ გაზრდილი სიმკვრივის დამატებითი გრავიტაცია შეანელებს კოსმოსურ გაფართოებას, რაც, საბოლოოდ, შეაჩერებს მის ზრდას. ამავდროულად, თუკი სიმკვრივე კრიტიკულ სიმკვრივეზე ნაკლებია, კოსმოსური გაფართოება კიდევ უფრო დაჩქარდება. ამ სცენარში სამყაროს ექნებოდა უარყოფითი გამრუდება და მიიღებდა უნაგირის მსგავს ფორმას. თუმცა ის მაინც უსასრულო და, შესაბამისად, უცენტრო იქნებოდა.
ასევე იხილეთ: ნახეთ: სუპერკომპიუტერის ახალი სიმულაცია სამყაროს ევოლუციას გვიჩვენებს
ჯერჯერობით, თეორიული იდეები და დაკვირვებები — როგორიცაა კოსმოსური მიკროტალღური ფონის გამოსხივება, დიდი აფეთქების შემდგომი შუქი — მიუთითებს საოცრად ბრტყელ სამყაროზე. მაგრამ კოსმოლოგები ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულნი, სამყარო მართლაც ბრტყელია თუ გამრუდება იმდენად ფართოა, რომ სამყარო უბრალოდ ბრტყელი გვეჩვენება — ისევე, როგორც დედამიწა გამოიყურება ბრტყელი, მის ზედაპირზე დგომისას.
ის, რომ სამყაროს არ აქვს ცენტრი და, შესაბამისად, არ აქვს ზღვარი, შეესაბამება კოსმოლოგიურ პრინციპს, რომ სამყაროში არც ერთი ადგილი არ არის გამორჩეული. დაკვირვებები, თუ როგორ არის განაწილებული გალაქტიკათგროვები და კოსმოსური მიკროტალღური ფონი, გვიჩვენებს კოსმოსს, რომელიც, თუკი საკმარისად გაადიდებთ, ყველგან ერთნაირად გამოიყურება.
ისტორიის განმავლობაში ადამიანები არასწორად ფიქრობდნენ, რომ სამყაროს ცენტრს დედამიწა, მზის სისტემა ან ირმის ნახტომი წარმოადგენდა. თუმცა, რამდენად გამორჩეულებიც უნდა გვეგონოს თავი, სამყარო, ჯერჯერობით, საპირისპიროს გვიმტკიცებს.
კომენტარები