"მიწიერი სამოთხე" მარსზე — ინგლისელ ბოტანიკოსს წითელ პლანეტაზე ტყის გაშენება სურს
ინგლისელი ბოტანიკოსი და ეკოლოგი, ბრისტოლის უნივერსიტეტში მომუშავე პოლ სმიტი მარსზე ტყის გაშენების გეგმას გვიზიარებს. მისი ნაშრომის მიხედვით, მთლიანი ეკოსისტემა ერთ თაღოვან სტრუქტურაში მოექცევა, რომელიც "ბუნების არამიწიერი ნაკრძალი" იქნება.
ის მარსზე მყოფ ადამიანებს საშუალებას მისცემს, რომ თავი ისე იგრძნონ, როგორც დედამიწაზე და ადგილობრივი რესურსებით საკვები თუ ნედლი მასალა მოიპოვონ, რომელიც პირველი კოლონიებისთვის გამოადგებათ. პოლ სმიტი აღნიშნავს, რომ ისინი ბევრი გამოწვევის წინაშე დადგებიან, როგორიცაა ჩვენი მეზობელი ციური სხეულის მკაცრი კლიმატი, მძლავრი კოსმოსური რადიაცია და ა.შ. ამის მიუხედავად, მისი აზრით, დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ზოგიერთი ფორმა ასეთ პირობებში არსებობას შეძლებს.
მაგალითად, პოლ სმიტი ამბობს, რომ ნიადაგის მიკრობები, სოკო, ასევე, უხერხემლო ცხოველები, როგორიც ჭიაყელა და ობობაა, მარსზე იარსებებენ. რაც შეეხება ფლორას, ღვიისა და არყის ხის მსგავსი მცენარეები მზის სხივების ნაკლებობას გადაურჩებიან. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ იქ დედამიწის ეკოსისტემები უცვლელად გადავა, რადგან სახეობათა უმრავლესობას ასეთ გარემოში გაძლება გაუჭირდება.
მართალია, მარსზე ტყის გაშენება მიმზიდველი იდეაა, მაგრამ ეს მარტივი სულაც არაა. ახალი ნაშრომის ავტორს ეკონომიკური სირთულეებიც არ გაუთვალისწინებია, რაც დიდი პრობლემაა, რადგან წითელ პლანეტაზე ცხოველებისა და მცენარეების გაგზავნა იაფი ნამდვილად არ დაჯდება.
ამჟამად ილონ მასკის კომპანია SpaceX მრავალჯერადი გამოყენების რაკეტაზე Starship მუშაობს, რომლითაც ადამიანები წითელ პლანეტაზე გაემგზავრებიან. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აპარატი ფრენის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს, მისიები მაინც ძვირადღირებული იქნება, თუმცა მცირე ზომის არსებები დიდ ადგილს არ დაიკავებენ.
სმიტის განცხადებით, ადამიანთა რაოდენობის ზრდის პარალელურად ცხოველთა საცხოვრებელი ბუნებრივი არეალი ნადგურდება, ამიტომ მათი მარსზე წაყვანა და იქაურობის ტერაფორმირება კარგ ალტერნატივად მიაჩნია.
კომენტარები