ჰომო ნალედი, შესაძლოა, 236 000 წლის წინ გამოქვაბულებში ცეცხლს ანთებდა — ახალი კვლევა
მკვლევრებმა სამხრეთ აფრიკის გამოქვაბულის კომპლექსში აღმოაჩინეს პატარა საცეცხლეების ნაშთები, ჭვარტლიანი კედლები და ჭერის ლაქები.
ახალი აღმოჩენების მიხედვით, უძველესი ჰომინიდი, ჰომო ნალედი, შესაძლოა, გამოქვაბულებში ცეცხლს ანთებდა.
მკვლევრებმა სამხრეთ აფრიკის ამომავალი ვარსკვლავის (Rising Star) გამოქვაბულის კომპლექსში აღმოაჩინეს პატარა საცეცხლეების ნაშთები, ჭვარტლიანი კედლები და ჭერის ლაქები. მათი თქმით, ცეცხლის გამოყენების ნიშნები ამ გამოქვაბულის სისტემაში ყველგან ფიქსირდება.
გუნდის თქმით, ცეცხლს, სავარაუდოდ, ჰომო ნალედი ანთებდა, რადგან გამოქვაბულში სხვა ჰომინიდის ნაშთები არ აღმოუჩენიათ. თუმცა მკვლევრებს ცეცხლის ნაშთები ჯერ ზუსტად არ დაუთარიღებიათ. აღსანიშნავია, რომ სხვა მეცნიერებს ახალი აღმოჩენები ჯერ არ შეუფასებიათ.
ჰომო ნალედის ნამარხები თარიღდება 335 000-დან 236 000 წლის წინ, დაახლოებით, ჰომო საპიენსის წარმოშობის დროს. ბევრი მკვლევარი ეჭვობს, რომ ჰომინიდების მიერ ცეცხლის რეგულარული გამოყენება სინათლის, სითბოსა და საჭმლის მომზადებისთვის დაიწყო, დაახლოებით, 400 000 წლის წინ.
ასევე იხილეთ: ბოლო 6 აღმოჩენა, რომლებმაც ადამიანის ევოლუციის გაგება შეცვალა
აქამდე მსგავსი ქცევები ჰომო ნალედის, თავისი შედარებით პატარა ტვინის გამო, არ მიეწერებოდა. მაგრამ ახლა ნათელია, რომ ტვინი, რომელიც დღევანდელი ადამიანის ტვინის, დაახლოებით, მესამედს აღემატება, ამ ჰომინიდს ცეცხლის კონტროლის საშუალებას აძლევდა.
გასული წლის აგვისტოში მკვლევრებმა გამოიკვლიეს ორი მიწისქვეშა კამერა, სადაც ჰომო ნალედის ნამარხი იყო ნაპოვნი. მათ შენიშნეს სტალაქტიტები და თხელი ქვის ფურცლები, რომლებიც ნაწილობრივ გაიზარდა ჭერის ძველ ზედაპირებზე. ამ ზედაპირებზე გამოსახული იყო გაშავებული, დამწვარი უბნები და, ამასთან ერთად, ისინი, როგორც ჩანს, გაჟღენთილი იყო ჭვარტლის ნაწილაკებით.
იმავდროულად, ექსპედიციის თანადირექტორი და ვიტის პალეოანთროპოლოგი კენეილოე მოლოპიანე ხელმძღვანელობდა ახლომდებარე გამოქვაბულის კამერის გათხრებს. იქ მკვლევრებმა აღმოაჩინეს ორი პატარა საცეცხლე, რომელშიც დანახშირებული შეშის ნაჭრები და ანტილოპებისა და სხვა ცხოველების დამწვარი ძვლები იყო. საცეცხლის ნაშთები და იქვე დამწვარი ცხოველების ძვლები აღმოაჩინეს უფრო შორეულ გამოქვაბულში, სადაც ჰომო ნალედის ნამარხები იპოვეს.
მიუხედავად ამისა, მკვლევრებისთვის მთავარი გამოწვევა იქნება ამომავალი ვარსკვლავის კამერებიდან დამწვარი ხისა და ძვლების და სხვა ცეცხლის ნაშთების დათარიღება და იმის დემონსტრირება, რომ იქ არსებული საცეცხლეები იმავე ნალექის ფენებიდან მოდის, საიდანაც ჰომო ნალედის ნამარხები. ეს აუცილებელი პირველი ნაბიჯია, ვიდრე იმაზე ვისაუბრებდეთ, თუ ვინ და რა მიზნით დაანთო იქ ცეცხლი.
კომენტარები