რა განასხვავებს ინფარქტს ქალებსა და კაცებში
ინფარქტს ქალებში ხშირად სულ სხვა მიზეზები და სიმპტომატიკა აქვს, ვიდრე კაცებში. სამწუხაროდ, მათში მეტია ლეტალობის შანსიც. მსგავსი შედეგის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, ქალებმა საეჭვო ნიშნების შესახებ მეტი გაიგონ და დროულად იმკურნალონ.
მსოფლიოს მასშტაბით გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში სიკვდილიანობის უპირველესი მიზეზია და კაცებში არსებულ სტატისტიკას საგრძნობლად აჭარბებს. ამ საკითხზე ყურადღებას ამერიკული კარდიოლოგიური ასოციაცია (AHA) ამახვილებს და ატიპიური სიმპტომების გააზრების მნიშვნელობას გამოკვეთს.
AHA იმ რამდენიმე ფაქტორს გვიზიარებს, რომელიც ცხადყოფს, რომ გულის შეტევა ქალებსა და კაცებში სხვადასხვაგვარია.
- არტერიებში არსებული დანალექი ხშირად გულის შეტევას იწვევს, თუმცა ქალებსა და კაცებში შესაძლოა, გარკვეულმა სხვაობამ იჩინოს თავი. მაგალითად, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ბლოკირებული არტერიების გასათავისუფლებლად სტენტირება ნაკლებად სჭირდებათ ხოლმე, მაგრამ სისხლძარღვები მაინც ზიანდება და გულში სისხლის მოძრაობის შეფერხების საფრთხე იქმნება.
- ქალებში სისხლის მაღალი წნევა უფრო ძლიერი რიკს-ფაქტორია, ვიდრე კაცებში. იგივე შეიძლება ითქვას დიაბეტზეც, რომელიც, მამრობით სქესთან შედარებით, ქალებში გულის დაავადებების ჩამოყალიბების რისკს 5-ჯერ ზრდის.
- საინტერესოა, რომ ქალებში რეკომენდებული მკურნალობის ფარგლებში საკმარისი რაოდენობის მედიკამენტები არ გამოიყენება და მათ კარდიოლოგიური რეაბილიტაციის გასავლელად იშვიათად გზავნიან. თუნდაც გზავნიდნენ, დიდია შანსი, რომ ისინი კურსს ბოლომდე არ გაივლიან.
- გულ-მკერდის არეში ტკივილი ინფარქტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია როგორც კაცებში, ასევე ქალებში. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში სუნთქვის უკმარისობა, გულისრევა, ზურგისა და ყბების ტკივილიც ვლინდება.
- აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის შავკანიანი ქალები ინფარქტის საფრთხის წინაშე მეტად არიან, ვიდრე თეთრკანიანები. ასევე, მათთვისა და ლათინოამერიკელებისთვის ჭარბი წონა, დიაბეტი და მაღალი წნევა მნიშვნელობანი რისკ-ფაქტორებია.
"დროა, სამედიცინო საზოგადოებისა და ქალების მხრიდანაც ამ საკითხებს ყურადღება მიექცეს და გავიაზროთ, რომ ღია კომუნიკაცია და ცნობადობის ამაღლება მსგავსი სტატისტიკის შესაცვლელად უმნიშვნელოვანესია", — აცხადებენ ამერიკული კარდიოლოგიური ასოციაციის წარმომადგენლები.
ექიმები ქალებს ურჩევენ, რომ ინფარქტის რისკის შესამცირებლად სისხლის წნევა, ქოლესტერინისა და გლუკოზის დონე, ასევე, სხეულის წონის ინდექსი მუდმივად აკონტროლონ, აირჩიონ ცხოვრების ჯანსაღი წესი, ივარჯიშონ და სასარგებლო პროდუქტები მიიღონ. რაც მთავარია, საეჭვო სიმპტომების აღმოჩენისთანავე, მიმართონ ექიმს, რათა გულის შეტევა აიცილონ თავიდან.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები