ნახეთ: ჯეიმს ვების ტელესკოპმა სატურნის თანამგზავრ ტიტანზე ღრუბლები დააფიქსირა
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ობიექტივში ამჯერად სატურნის უდიდესი თანამგზავრი ტიტანი მოხვდა. კერძოდ, მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ ციური სხეულის სქელ ატმოსფეროში ღრუბლები დააფიქსირა, რომლებიც მეთანისგანაა შედგენილი.
ვებმა ტიტანის შესახებ მონაცემები 4 ნოემბერს მოიპოვა. სპეციალისტებმა ამ უჩვეულო ობიექტზე დასაკვირვებლად წელს საერთო ჯამში 15 საათი გამოჰყვეს, რათა დაედგინათ, როგორაა განაწილებული მის ატმოსფეროში ნისლი, იქ არსებული ახალი აირები გამოევლინათ და ა.შ.
ტელესკოპის მიერ შეგროვებული ინფორმაციის ანალიზისას მეცნიერებმა ორი ღრუბლის კვალი შეამჩნიეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი ტიტანზე მდებარე კრაკენის ზღვის თავზე იყო განლაგებული. ის იქ სითხის უდიდესი ბუნებრივი რეზერვუარია, რომელშიც მეთანი ჭარბობს.
იმის გასაგებად, თუ როგორ შეიცვალა ღრუბლები, მეცნიერებმა სულ რაღაც 2 დღეში ტიტანისკენ კეკის ობსერვატორია მიმართეს. მათ იმავე რეგიონებში ღრუბლები ისევ შენიშნეს, თუმცა სხვა ფორმის.
არ გამორიცხავენ, რომ ეს ახლად ფორმირებული ღრუბლები ყოფილიყო, რადგან ტიტანის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ახლა გვიანი ზაფხულია, ანუ იქაურობას მზის მეტი რადიაცია გადაეცემა და ღრუბლების აქტიურობაც იმატებს.
ეს წარმონაქმნები ვების ახლო ინფრაწითელმა კამერამ გადაიღო, რომელიც საშუალებას გვძლევს, სინათლის სხვადასხვა სიგრძის ტალღები გამოვავლინოთ და ამის მიხედვით ტიტანის ატმოსფეროს ქვედა ფენა გამოვაცალკეოთ. სპეციალისტებს მონაცემები ბოლომდე ჯერ არ დაუმუშავებიათ, შესაბამისად, ყველაფერი წინაა, მათ შორის სპექტროგრაფიული ანალიზი, ანუ აირების იდენტიფიცირება.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ტიტანს 2023 წლის მაისში ან ივნისშიც გამოიკვლევს, ამჯერად შუა ინფრაწითელი კამერით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან NASA სატურნის უდიდეს თანამგზავრზე 2027 წელს მისიის განხორციელებას გეგმავს.
კომენტარები