მასკის თქმით, ვერიფიკაციის ახალი სისტემა Twitter-ზე 2 დეკემბერს ამოქმედდება
ქროსფერი ნიშანი განკუთვნილი იქნება კომპანიებისთვის, ნაცრისფერი – სამთავრობო ანგარიშებისთვის, ხოლო ძველებურ ლურჯ სიმბოლოს კერძო პირები გამოიყენებენ
25 ნოემბერს ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ Twitter ვერიფიკაციის ახალ სისტემას პარასკევს, 2 დეკემბერს წარადგენს.
ახალი სერვისი მომხმარებელს შესთავაზებს "ფერად" სისტემას. ოქროსფერი ნიშანი განკუთვნილი იქნება კომპანიებისთვის, ნაცრისფერი – სამთავრობო ანგარიშებისთვის, ხოლო ძველებურ ლურჯ სიმბოლოს გამოიყენებენ კერძო პირები, მიუხედავად იმისა, პოპულარულები არიან ისინი, თუ არა.
მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი
მილიარდერმა დაამატა, რომ ახალი სისტემის გასააქტიურებლად ყველა ვერიფიცირებული ანგარიშის მფლობელს ავთენტიფიკაციის გავლა თავისით მოუწევს, რასაც აღმასრულებელმა დირექტორმა "მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი" უწოდა.
გადაწყვეტილება მასკმა მიიღო მას შემდეგ მალევე, რაც თავის 118 მილიონ გამომწერს გამოკითხვა ჩაუტარა, აღედგინა თუ არა დაბლოკილი ანგარიშები და გამოეცხადებინა "საყოველთაო ამნისტია" იმ ანგარიშებისთვის, რომლებიც საზიანო სპამში არ მონაწილეობდნენ და არც კანონი დაურღვევიათ.
ასევე იხილეთ: ილონ მასკი Twitter-ის საყოველთაო "ამნისტიას" გეგმავს
ცოტა ხნის წინ მასკს მოუწია შეეჩერებინა პროექტი, რომლის მიხედვითაც Twitter Blue სერვისის ჩართვა თვეში 8 დოლარად ნებისმიერს შეეძლებოდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მომხმარებლებმა ცნობილ ბრენდებად და ადამიანებად დაიწყეს თავის გასაღება.
მეტიც, ორი კვირის წინ Twitter-მა ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი მიანიჭა ფეიქ ანგარიშს, რომელსაც ვინაობად იესო ქრისტე ეწერა.
"ოფიციალური ანგარიშის" ნიშანი მალევე გაქრა
საინტერესოა, რომ პირველი სიახლე, რომელიც მასკმა შემოიღო 24 საათში გააუქმეს. "ოფიციალური ანგარიშის" ნიშანი ნოემბრის დასაწყისში შეზღუდული რაოდენობის ანგარიშებისთვის შეიქმნა, თუმცა მალევე გაქრა.
პლატფორმაზე მიმდინარე მუდმივი ცვლილებების გასამართლებლად მასკმა დაპოსტა, რომ Twitter კიდევ ბევრ სისულელეს გააკეთებს მომდევნო თვეებში, რასაც მომხმარებლები გაგებით უნდა მოეკიდონ, რადგან დარჩება რაც იმუშავებს და გაქრება რაც არა.
მასკი Twitter-ის წარსული დიდების დაბრუნებას ცდილობს.
ილონ მასკი ყველაფერს აკეთებს, რათა Twitter წარსულ სიმაღლეებს დაუბრუნოს. პლატფორმამ სერიოზული დარტყმა განიცადა მას შემდეგ, რაც რეკლამის განმთავსებლებმა უარი თქვეს თანამშრომლობაზე, რადგან, მათი აზრით, პლატფორმა უსაფრთხო სივრცე აღარაა.
ჯერჯერობით, ეჭვების გასაქარწყლებლად ძალიან ცოტა ნიშანი ვიხილეთ (თუ საერთოდ ვიხილეთ). იმუშავებს თუ არა ვერიფიკაციის ფერადი სისტემა და დაეხმარება თუ არა ის მასკს Twitter-ზე რეკლამის განმთავსებლების დაბრუნებაში, ამას დრო გვიჩვენებს.
კომენტარები