წყალქვეშა "შვეიცარიული სტოუნჰენჯი" ჩვენთვის უცნობმა ანტიკურმა კულტურამ შექმნა — კვლევა
ე.წ. "შვეიცარიული სტოუნჰენჯი" მდებარეობს კონსტანსის ტბაში, გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის საზღვრებთან. 2015 წელს, დაახლოებით 170 ქვის პირამიდა აღმოაჩინეს კონსტანსის ტბის სამხრეთ ნაწილში, სანაპიროდან დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით, თითქმის, 5 მეტრის სიღრმეზე. საერთო ჯამში, ათობით ქვის გროვა ქმნის 10 კილომეტრის სიგრძის წყალქვეშა ნაგებობას.
2021 წლის კვლევის მიხედვით, აშკარაა, რომ ეს სტრუქტურები არ იყო ჩამოყალიბებული ბუნებრივი პროცესების შედეგად და, სავარაუდოდ, ადამიანებმა შექმნეს ნეოლითის ხანაში. ზოგიერთი ქვის ნაგებობა თარიღდება 5 500 წელზე მეტი ასაკით.
გარკვეული დროის შემდეგ კლიმატის ცვლილებამ წყლის დონე 3-5 მეტრით აამაღლა, რის გამოც ქვის პირამიდები ჩაიძირა.
ურს ლეიზინგერმა, ტურგაუს კანტონის არქეოლოგიის მუზეუმის მკვლევარმა, განუცხადა IFLScience-ს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩაატარეს კიდევ ერთი ექსპედიცია ჩაძირულ ადგილზე, რის შედეგადაც გამოვლინდა მრავალი ახალი ნაგებობა. ეს მოიცავდა რამდენიმე ხის გროვას ქვების ქვეშ, რომლებიც მონიშნულია ქვის ცულის ნაჭდევებით.
კონსტანსის ტბის წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ნეოლითური ეპოქით დათარიღებული წყალში ჩაძირული მრავალი საცხოვრებელი სახლი, როგორც ჩანს, ხიმინჯების საშუალებით, წყლის ზემოთ იყო მოქცეული. ლეიზინგერი ვარაუდობს, რომ ახლად აღმოჩენილი ქვის პირამიდები შეიძლება აშენებულიყო იმავე თემის მიერ, რომელიც ცხოვრობდა ამ ტიპის საცხოვრებლებში. ვარაუდობენ, რომ ეს სახლები ასევე თარიღდება ძვ.წ. 3 500 წლით.
თუმცა, ქვებსა და საცხოვრებლებს შორის ამ კავშირის დამტკიცება ძალზე რთულია, რადგან მკვლევრებმა თითქმის არაფერი იციან იმაზე, თუ ვინ ბინადრობდა აქ ნეოლითის ხანაში. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცოდნა გვაქვს იმ შენობებზე, რომლებშიც ისინი ცხოვრობდნენ, მათი კულტურა, კვების რაციონი, რწმენა და ცხოვრების წესი სრულ საიდუმლოდ რჩება.
ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რატომ ააშენეს ნეოლითის ხანაში მცხოვრებლებმა ეს 10 კილომეტრის სიგრძის ნაგებობა კონსტანსის ტბის სამხრეთ სანაპიროზე, დაახლოებით, 170 ქვის პირამიდით. სათევზაო ხაფანგები, თავდაცვის სისტემა, საკულტო ნაგებობა, დაკრძალვის სტრუქტურა, ასტრონომიული კალენდარი თუ სხვ., — ეს ნაგებობა ნებისმიერი რამ შეიძლება ყოფილიყო.
კომენტარები