როგორ გავიგოთ, ვცხოვრობთ თუ არა კომპიუტერულ სიმულაციაში? — ფიზიკოსი შესაძლო გზას გვთავაზობს
იქნებ სულაც კომპიუტერულ სიმულაციაში ვცხოვრობთ? ალბათ, ამაზე თქვენც არაერთხელ დაფიქრებულხართ — ეს სიმულაციის თეორიაა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ჩვენი ფიზიკური რეალობა სიმულირებული ვირტუალური რეალობა იყოს და არა ობიექტური რეალობა, რომელიც დამკვირვებლისაგან დამოუკიდებლად არსებობს.
როგორ გავიგოთ, ასეა ეს თუ არა? პორტსმუთის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკოსი მელვინ ვოპსონი ამის შესამოწმებლად შესაძლო გზას გვთავაზობს და ექსპერიმენტის ჩასატარებლად შემოწირულებასაც აგროვებს. მეცნიერი თავის ნააზრევს The Conversation-ზე გამოქვეყნებულ ესეიში გვიზიარებს.
ასევე იხილეთ: შემდეგი პოდკასტი: ვცხოვრობთ თუ არა კომპიუტერულ სიმულაციაში
სიმულაციის ტესტის მისეული თეორია, კერძოდ, იმ იდეას ემყარება, რომ სიმულირებულ სამყაროში ინფორმაციის ბიტები ყველგან იქნებოდა, ეს ბიტები კი "კოდს ასახავდა".
"შესაბამისად, ამ ინფორმაციის ბიტების აღმოჩენით სიმულაციის ჰიპოთეზა დადასტურდება", — წერს ვოპსონი.
ფიზიკოსმა ახლახან "მასა-ენერგია-ინფორმაციის (M/E/I) ეკვივალენტობის პრინციპი" წამოაყენა, რომლის მიხედვითაც, მასა შეიძლება ენერგიის ან ინფორმაციის სახით იყოს გამოხატული და პირიქით. ვოპსონი მიიჩნევს, რომ ინფორმაციის ბიტებს მცირე მასა ექნებოდა, მისი დადგენით კი, თეორიულად, თავად ბიტების აღმოჩენაც იქნებოდა შესაძლებელი.
ასევე იხილეთ: ტესტი: ცხოვრობ თუ არა კომპიუტერულ სიმულაციაში?
მეცნიერის M/E/I თეორიის მიხედვით, ინფორმაცია მატერიის მეხუთე მდგომარეობად შეგვიძლია მივიჩნიოთ მყარი, თხევადი, აირადი ნივთიერებებისა და პლაზმის შემდეგ. ხოლო თავად ცდას რაც შეეხება:
"ექსპერიმენტი ელემენტარულ ნაწილაკებში არსებული ინფორმაციის წაშლას მოიცავს მათი და მათი ანტინაწილაკების ანიჰილაციით, რაც ფოტონებს ან სინათლის ნაწილაკებს გამოტყორცნის", — წერს ფიზიკოსი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვოპსონს ინფორმაციული ბიტების არსებობის დადასტურება სურს, ამისათვის კი ამ ბიტების შემცველი ნაწილაკები მათ ანტინაწილაკებს უნდა შეახვედროს, რაც აფეთქებასა და ფოტონების გამოტყორცნას გამოიწვევს.
მეორე მხრივ, ექსპერიმენტის ჩასატარებლად მეცნიერს პოზიტრონ-ელექტრონის ანიჰილაციის ისეთი სისტემის შექმნა სჭირდება, რომლებიც მას გამა და ინფრაწითელი ფოტონების ერთდროულად დაფიქსირების საშუალებას მისცემს.
ვოპსონს ამისათვის $219,000 ამერიკული დოლარი ესაჭიროება, რისთვისაც Indiegogo-ზე შემოწირულების კამპანია წამოიწყო. სტატიის მომზადების დროისთვის მხოლოდ დაახლოებით $3,000-ია შეგროვილი, ამასობაში კი ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებას მივადევნოთ თვალი — სურვილის შემთხვევაში ფინანსური რესურსის გაღებასა და ექსპერიმენტში მცირედი წვლილის შეტანას თუ არ ჩავთვლით.
კომენტარები