უზარმაზარ პითონს მუცლიდან გადაყლაპული ალიგატორი ამოაცალეს — ნახეთ ვიდეო
სოციალურ ქსელ Instagram-ზე მეცნიერმა როზი მურმა გასაოცარი და შემზარავი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ ამოაცალეს 5.5 მეტრი სიგრძის ბირმულ პითონს მუცლიდან 1.5 მეტრი ზომის ალიგატორი.
ეს კადრები, რომლებიც უკვე 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, ნათლად გვიჩვენებს, რამდენად დიდი ცხოველის გადაყლაპვა შეუძლია აღნიშნული სახეობის გველს.
"ფლორიდაში ბირმული პითონების ევთანაზია აუცილებელია. ეს პითონი მპოვნელებმა დააძინეს, შემდეგ კი საკვლევ ლაბორატორიაში გადაიყვანეს, რათა ნეკროფსია ჩაეტარებინათ (გაეკვეთათ) და მეცნიერულ ნიმუშთა კოლექციისთვის გამოეყენებინათ", — ვკითხულობთ პოსტში.
საქმე იმაშია, რომ ეს ქვეწარმავლები ინვაზიურ სახეობას წარმოადგენენ, რადგან თითქმის ყველა ცხოველს ყლაპავენ და ადგილობრივ ეკოსისტემას საფრთხეს უქმნიან. ფლორიდაში მათი გაუვნებლება ნებადართულია, რადგან ისინი იქ მდებარე ევერგლეიდსის რეგიონში გავრცელებულნი არიან და ამ ტერიტორიის ველურ გარემოში ყველაზე მავნე არსებებად მიიჩნევიან.
ასევე. იხილეთ: პითონებს თითქმის ყველაფრის გადაყლაპვა შეუძლიათ — როგორ აღებენ ისინი პირს ასე ფართოდ?
ფლორიდაში მცხოვრებ ადამიანებს უფლება აქვთ, ბირმული პითონები დაიჭირონ და წვალების გარეშე დახოცონ, რათა მათი რაოდენობა შემცირდეს. ვიდეოში ნაჩვენებ გველს სპეციალურმა გუნდმა მიაგნო. ცხადი იყო, რომ მან დიდი ზომის ცხოველი გადაყლაპა, ქვეწარმავლის გაკვეთის შემდგომ კი აღმოჩნდა, რომ მსხვერპლი, არც მეტი, არც ნაკლები, ალიგატორი იყო.
"სამხრეთ ფლორიდის სუბტროპიკული გარემოს, ბირმული პითონების ხანგრძლივი სიცოცხლისა და სწრაფი გამრავლების გათვალისწინებით, ამ გველებმა ევერგლეიდსის ეროვნული პარკის მსგავსი ეკოლოგიურად მგრძნობიარე არეალები წარმატებით აითვისეს. ეს ველური ბუნების მრავალფეროვნებას საფრთხის წინაშე აყენებს, რაც აღნიშნული ქვეწარმავლების კვებითი ჩვევებიდან მომდინარეობს", — წერს როზი მური სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
კომენტარები