ჩინეთმა გამოცადა "ახალი ტიპის" ბომბი, რომელიც აფეთქების სიმძლავრით მხოლოდ ბირთვულ ბომბს ჩამორჩება
ბომბის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ იარაღი თერმობარულია და ჰგავს აშშ-ს "ყველა ბომბის დედას", ან რუსეთის "ყველა ბომბის მამას".
ჩინეთმა ცოტა ხნის წინ გამოცადა "ახალი ტიპის" მასიური საჰაერო ბომბი, რომელიც, მათი მტკიცებით, აფეთქების სიმძლავრით მხოლოდ ბირთვულ ბომბს ჩამოუვარდება. ამ ახალი ტიპის იარაღს ჩინეთმა "ყველა ბომბის დედა" უწოდა.
ჩინეთის სოციალური მედიის ვებსაიტზე, Weibo-ზე, სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო ძალების (PLAAF) ანგარიშზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ბომბის უფრო ახლო კადრი, რომელიც შემდგომ არაჩინურ მედიაშიც გავრცელდა.
The Drive-ის მიხედვით, ბომბის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ იარაღი თერმობარულია და ჰგავს აშშ-ს "ყველა ბომბის დედას", ან რუსეთის "ყველა ბომბის მამას".
ჩინეთმა მანამდე იარაღი აჩვენა სახელმწიფოსთან დაკავშირებული საიტი Global Times-ის მეშვეობით. სარეკლამო ვიდეოში H-6K ბომბდამშენი ცდის დროს აგდებს იარაღს, რასაც მოჰყვება დიდი აფეთქება.
"მასიური აფეთქება ადვილად და მთლიანად გაანადგურებს გამაგრებულ სახმელეთო სამიზნეებს, როგორებიცაა: გამაგრებული შენობები, ბასტიონები და თავშესაფრები", — განუცხადა სამხედრო ანალიტიკოსმა ვეი ტუნგსიუმ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ საინფორმაციო საიტს. სამხედრო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ "ასეთი კალიბრის იარაღის განლაგება მტრებში შიშს დათესავს".
იარაღი, რომელზეც ამტკიცებენ, რომ უფრო მცირეა, ვიდრე მსგავსი ამერიკული მოდელი, ითვლება, რომ თერმობარული ხასიათისაა. თერმობარული იარაღი, ანუ ვაკუუმური ბომბი, აფეთქების ზონაში ორთქლის აფეთქებით იწვევს უფრო ძლიერ და დამანგრეველ შედეგს, ვიდრე იმავე ზომის ჩვეულებრივი იარაღი.
"თერმობარული საბრძოლო მასალები მუშაობს გაზის, თხევადი ან წვრილად დაფხვნილი ასაფეთქებელი ნივთიერების აეროზოლური ღრუბლის გაფანტვით", — განმარტავენ ჟურნალ სამხედრო ვეტერანთა ჯანმრთელობის (JMVH) ერთ-ერთ სტატიაში. "ეს ღრუბელი მიედინება ობიექტების ირგვლივ, ღრუებსა და სტრუქტურებში. მან აალებამდე შეიძლება შეაღწიოს მცირე ღიობებში, როგორებიცაა: შენობების ღიობები, ბუნკერები და ჯავშანტექნიკის ძრავები. შედეგად ვიღებთ პლაზმურ ღრუბელს, რომელიც აღწევს 2500-3000°C ტემპერატურას."
ეს ღრუბელი, ჩვეულებრივ იარაღთან შედარებით, უფრო ნელა იწვის, რაც მას დესტრუქციულ ძალას მატებს.
"დაზიანებები უფრო მძიმეა ჩაკეტილ სივრცეებში, რადგან აფეთქების ტალღა წინ და უკან ირეკლება, რაც სამიზნეს მრავალ დაზიანებას აყენებს", — ხსნის JMVH. "არ უნდა დაგვავიწყდეს აფეთქების დამწვრობის ეფექტიც, რადგან ის მოიხმარს მთელ ჟანგბადს ამ ზონაში და შედეგად მიღებული ვაკუუმი ფხვიერ ობიექტებს ამ სიცარიელეში იზიდავს."
იარაღის უფრო მცირე ვერსიები (ვიდრე ე.წ. "ყველა ბომბის დედა") გამოიყენა აშშ-მა, რუსეთმა, სირიამ და დიდმა ბრიტანეთმა და ამას ყოველ ჯერზე გმობდნენ უფლებადამცველები, ძირითადად, მის მიერ გამოწვეული სიკვდილის მეთოდის გამო.
"შეზღუდულ სივრცეში [თერმობარული] აფეთქების ეფექტი უზარმაზარია", — ნათქვამია ნაპოვნ იარაღზე CIA-ს მოხსენებაში. "აალების წერტილის მახლობლად მყოფი პირები, ფაქტობრივად, ქრებიან. ისინი, ვინც მოშორებით არიან, სავარაუდოდ, განიცდიან მრავალ შინაგან და, შესაბამისად, უხილავ დაზიანებას, მათ შორის, ყურის დაფის აპკის პერფორაციასა და ყურის შიდა ორგანოების დამსხვრევას, ტვინის მძიმე შერყევას, ფილტვებისა და შინაგანი ორგანოების გახეთქვასა და, შესაძლოა, სიბრმავეს."
ასევე იხილეთ: რა არის ვაკუუმის ბომბი და რატომაა მისი გამოყენება სამხედრო დანაშაული
უამრავი მსხვერპლის სიკვდილს იწვევს ვაკუუმი, რომელიც ფილტვებს ხეთქავს. აშშ-ის მთავრობის ცალკეულ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ "შოკი და წნევის ტალღები მინიმალურ ზიანს აყენებს ტვინის ქსოვილს და შესაძლებელია, რომ [თერმობარული იარაღის] მსხვერპლები აფეთქების შედეგად უგონო მდგომარეობაში კი არ ხვდებიან, არამედ იტანჯებიან რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში, ვიდრე დაიხრჩობიან."
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იმავე მეტსახელს იყენებს თავისი ბომბისთვის, ჩინური იარაღი უფრო მცირე და მსუბუქია, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი. თუმცა ჩინური მედიის ვარაუდით, ზომის შეზღუდვები შესაძლოა განზრახ შეიმუშავეს, რომ უზრუნველეყოთ იარაღის ბომბდამშენიდან ჩამოგდება.
კომენტარები