Wall Street Journal-ის ცნობით, Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა სამშაბათს კომპანიის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ შემცირებები ოთხშაბათს (დღეს) დაიწყება.

ამავე ცნობებით, ცუკერბერგმა ასობით თანამშრომლის თანდასწრებით, რეკრუტინგისა და ბიზნესის გუნდების შემცირებების დაწყების ზუსტი დროც დააანონსა. ამერიკელმა მილიარდერმა აღიარა, რომ კომპანიის დაღმასვლაში წვლილი მას მიუძღვის, რადგან ზედმეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი კომპანიის ზრდის მიმართ, რამაც თანამშრომლების სიჭარბე გამოიწვია.

Meta-ს ადამიანური რესურსების ხელმძღვანელმა, ლორი გოლერმა, განაცხადა, რომ ის დასაქმებულები, რომელთაც შემცირება შეეხებათ, მინიმუმ ოთხი თვის ანაზღაურებას მიიღებენ.

Meta-ს, რომლის შვილობილ კომპანიებსაც Facebook, Instagram და WhatsApp წარმოადგენენ, სექტემბრის ბოლოს 87000 თანამშრომელი ჰყავდა.

ტექნოლოგიების ინდუსტრიამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მკვეთრი ვარდნა განიცადა, რაც პანდემიის პერიოდის წარმატებასთან კონტრასტში ძალიან მძიმედ მოჩანს. გლობალურმა ეკონომიკურმა რეცესიამ, საპროცენტო განაკვეთების ზრდამ და სახელმწიფო რეგულაციებმა ისეთი მასშტაბური კომპანიებიც კი აიძულა ახალი თანამშრომლების აყვანა შეეჩერებინათ, როგორებიც Amazon და Alphabet არიან. აგვისტოს ბოლოს, Snap-მა 1300 დაქირავებული დაითხოვა. Axios-ის რეპორტის მიხედვით, ასევე მოიქცა Microsoft და მისი შემცირება ოქტომბერში 1000 ადამიანს შეეხო. რაც შეეხება ყველაზე მასშტაბურ პროცესს, გასულ კვირას ილონ მასკმა Twitter-ის თანამშრომლების ნახევარი გაუშვა სამსახურიდან.

ასევე იხილეთ: ილონ მასკმა Twitter-ში შემცირებები დაიწყო

გასულ თვეებში Meta-ს ირგვლივ ბუნდოვანებამ და დაბნეულობამ მოიყარა თავი. კომპანიის ფლაგმანი პლატფორმა Facebook ახალგაზრდა მომხმარებლებს კარგავს და შემოსავლის პრობლემა უჩნდება Apple-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამო. გარდა ამისა, ინვესტორები არ არიან დარწმუნებული ცუკერბერგის მეტავერსის იდეის მიზანშეწონილობაში.

გასულ თვეში, ინვესტორებმა 80 მილიარდი დოლარი დაკარგეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანიის მოგება მესამე კვარტალში განახევრდა. ეს მიმდინარე წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარდნაა, რისი შემსწრეც უოლ სტრიტი გახდა.

ასევე იხილეთ: 2022 წელს Meta-ს აქციები 72%-ით დაეცა — ინვესტორებს ცუკერბერგის მოშორება სურთ

მიუხედავად ამისა, ეს ერთადერთი ვარდნა არ არის, რომელიც ცუკერბერგის კომპანიამ 2022 წელს განიცადა. მეტიც, ეს უკანასკნელი სასაცილოა თებერვლის მონაცემთან შედარებით, როცა ერთ დღეში Meta-ს საბაზრო ფასი 230 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ამერიკული კომპანიის მიერ ერთ დღეში დაკარგული ღირებულების კუთხით.

საბოლოოდ, შემცირებები მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან უწყვეტი პრობლემების შემდეგ სექტემბერში ცუკერბერგმა დააანონსა, რომ შეაჩერებდა ახალი თანამშრომლების აყვანას და რესტრუქტურიზაციის პროცესს დააჩქარებდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.