AMC კინოთეატრებს დიდი ვიდეოკონფერენციებისთვის Zoom-ის ოთახებად გადააქცევს
კოლაბორაცია, რომელსაც ცოტა ვინმე თუ ელოდა: კინოთეატრების მსოფლიოში უდიდესი ქსელი, AMC Theatres, Zoom-თან ერთად მუშაობს და რამდენიმე კინოთეატრის ვიდეოკონფერენციების სივრცედ გადაკეთებას გეგმავს, სადაც 75-150 ადამიანი დაეტევა. მეტიც, AMC სთავაზობს მომხმარებლებს სასმელსა და საკვებს, პერსონალურ მომსახურებას და ყველაფერს, რაც შეხვედრის მონაწილეებს დასჭირდებათ.
თეატრების ქსელის თქმით, კომპანიებს, რომლებიც კონფერენციის ჩატარებას გადაწყვეტენ, სასურველი კინოთეატრის დაჯავშნა ინტერნეტის საშუალებით შეეძლებათ. დაჯავშნის შემდეგ კომპანია შერჩეულ თეატრს 3 საათით მიიღებს, ხოლო AMC და Zoom ყველა საჭირო ზომას მიიღებენ სრულყოფილად ფუნქციონირებადი Zoom Rooms გამოცდილების შესაქმნელად (Zoom Rooms არის ტერმინი, რომლითაც კომპანია თავის საკონფერენციო ოთახების სისტემას მოიხსენიებს).
პრესრელიზის მიხედვით, გადაწყვეტილება დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების დაკავშირებასა და ცენტრალიზებული სივრცის შექმნას ემსახურება იმ ქალაქებში, რომელიც შორსაა კომპანიის ცენტრალური ოფისიდან. რაც შეეხება საკითხს ბიზნესის პერსპექტივიდან, როგორც ჩანს, AMC კორონავირუსის პანდემიის პერიოდში განცდილი ფინანსური ზარალის ამოღებას ცდილობს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის პირველსა და მეორე მეოთხედში კომპანიის ფინანსური მოგება გასული 2 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება, პანდემიამდელი ნიშნული ისევ ძალიან შორსაა.
რამდენად გაამართლებს წამოწყება, ოდნავ ბუნდოვანია, რადგან ერთი შეხედვით, კინოთეატრის მასშტაბის გამოცდილება, ცოტა არ იყოს, დამღლელია. რთული წარმოსადგენია, რომ, თუნდაც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, AMC Zoom შეხვედრებს ძალიან განსხვავებულად აქცევს. კომპანიის თქმით, მომავალში ასეთი დარბაზები, გარდა კომპანიის შეხვედრებისა, შეიძლება როგორც პერსონალური ისე სარეკლამო ღონისძიებებისთვის იქნას გამოყენებული.
კომენტარები