Instagram გლობალურად შეფერხებით მუშაობს — მომხმარებელთა ანგარიშები უმიზეზოდ იბლოკება
Instagram გლობალურად შეფერხებით მუშაობს: სოციალური ქსელის მომხმარებლები იუწყებიან, რომ საკუთარ პროფილზე წვდომა აღარ შეუძლიათ.
ამის ნაცვლად ეკრანზე შეტყობინება ჩნდება შინაარსით, რომ მათ პლატფორმაზე წვდომა მომდევნო 30 დღით შეეზღუდათ.
იმ მომხმარებელთა ნაწილს, რომელთაც Instagram-ზე შესვლა კვლავაც შეუძლიათ, მიმდევრები მნიშვნელოვნად აკლდებათ, რადგან საიტიდან დაბლოკილი ანგარიშები ქრება.
ვებსაიტზე DownDetector, რომელიც სერვისთა სტატუსის მონიტორინგს ემსახურება, Instagram-ზე არსებული პრობლემის შესახებ ათასობით ადამიანი ჩივის.
მეორე მხრივ, კომპანია თავიანთი ოფიციალური Instagram Communications ანგარიშიდან მომხმარებლებს ატყობინებს, რომ პრობლემის შესახებ იციან და მის აღმოფხვრაზე მუშაობენ.
"ვიცით, რომ ზოგიერთ თქვენგანს Instagram-ის ანგარიშზე წვდომასთან პრობლემები გაქვთ. საკითხს ვიძიებთ და უხერხულობისთვის ბოდიშს გიხდით", — ვკითხულობთ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
Instagram-ს პრობლემის გამომწვევი მიზეზები არ დაუკონკრეტებია.
კომენტარები