Xbox-ის ხელმძღვანელმა ცუკერბერგის მეტავერსს "ცუდად შექმნილი ვიდეოთამაში" უწოდა
ფილ სპენსერი მეტავერსზე
როცა მეტავერსის ჯერ კიდევ გაურკვეველ პროექტში არაერთი კომპანია დებს ინვესტიციას იმ მიზნით, რომ სფეროს პიონერობით მიიღონ უპირატესობა, ინდუსტრიის არაერთი მნიშვნელოვანი პერსონა ცუკერბერგის წამოწყების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. მათ შორის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა, Xbox-ის ხელმძღვანელმა ფილ სპენსერმა, Wall Street Journal-თან საუბრისას მეტავერსის დღევანდელი მდგომარეობა გააკრიტიკა და მას ჯერ კიდევ დაუხვეწავი უწოდა.
"ეს ცუდად შექმნილი ვიდეოთამაშია", — განაცხადა სპენსერმა
ბევრმა ეს განცხადება Meta-ს წინააღმდეგ მიმართულ ირიბ დარტყმად აღიქვა, რადგან გრაფიკულ ნაწილში კომპანიის ფლაგმანი Horizon Worlds ადრეც გააკრიტიკეს. მოგვიანებით, სპენსერმა განავრცო სიტყვები და თქვა, რომ კომპიუტერული თამაშების დეველოპერებს აქვთ შესაძლებლობა, ააშენონ სამყაროები, რომლებშიც საათების გატარება მოგვინდება, ხოლო მეტავერსის პრობლემა ისაა, რომ ნაკლებად სასურველია, ასერთი სამყარო ჩვენს მისაღებ ოთახს ჰგავდეს.
მიუხედავად ამისა, სპენსერი მეტავერსის იდეის წარმატებას არ გამორიცხავს. Xbox-ის აღმასრულებელი დირექტორს სჯერა, რომ მეტავერსს შეუძლია, მივიდეს თანამედროვე ვიდეოთამაშების დონეზე.
ასევე იხილეთ: სკეპტიციზმი, დაბნეულობა, იმედგაცრუება: მარკ ცუკერბერგის მეტავერსის გამოწვევები
სპენსერის კრიტიკა წარსულში
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სპენსერმა ცუკერბერგის ამბიციური წამოწყება გააკრიტიკა. აგვისტოში მან ახსნა, რომ ის მეტავერსში ახალს ვერაფერს ხედავს და რომ ის 30 წელზე მეტია იქმნება, მათ შორის 3D თამაშების სახით. გარდა ამისა, სპენსერმა Play-to-Earn (P2E) მოდელიც გააკრიტიკა NFT გეიმინგ მოდელთან ერთად, რომელსაც სპეკულაციებითა და ექსპერიმენტებით სავსე უწოდა. საინტერესოა, რომ Microsoft-მა (რომლის ნაწილიც თავად Xbox-ია) იანვარში 68.7 მილიარდ დოლარად Activision Bblizzard-ი შეიძინა, რაც მეტავერსული პლატფორმების მომავალ მხარდაჭერაში გეიმინგის საკვანძო როლით ახსნა.
Bitcoin.com News-ის მიხედვით, Microsoft მუშაობს Microsoft Cloud-ისა და მსგავსი ტექნოლოგიების მეტავერსულ აპლიკაციებთან დაკავშირებაზე, რათა მათ სხვადასხვა აპლიკაციებისთვის ხელოვნური ინტელექტისა და ანალიზის როლი შეასრულონ.
კომენტარები