შეუძლია თუ არა წყალმცენარეების გიგანტურ კუნძულს კლიმატის ცვლილების შეჩერება
წარმოიდგინეთ ატლანტის ოკეანის სამხრეთით, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკას შორის მოტივტივე, ხორვატიის ზომის წყალმცენარეების გიგანტური ფერმა, რომელიც კლიმატის ცვლილებას ებრძვის.
ოკეანის ბუნებრივ მორევში მბრუნავ ამ ობიექტს ატმოსფეროდან მილიონობით ტონა ნახშირბადის შთანთქმა და მისი უსაფრთხო ადგილისკენ, ოკეანის ფსკერისკენ გაშვება შეუძლია. იდეა ნამდვილად ხმამაღალი და ამბიციურია, თუმცა მის განხორციელებას ბრიტანელი ბიზნესმენი 2026 წლამდე აპირებს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ნახშირბადის გამოყოფის კონტროლი საკმარისი არაა, ამიტომ ნივთიერების შთანთქმა გლობალური დათბობის შესაჩერებლად აუცილებელი იქნება. მიუხედავად ამისა, ნახშირბადის შთანთქმის გეგმები დღემდე ნაკლებად მასშტაბური და შედეგიანია. თუ ამ გეგმებს მუშაობა უწერია, ისინი გაბედული, მასშტაბური და ინვესტორთათვის მიმზიდველი უნდა იყოს.
ბიზნესმენ ჯონ ოკლენდს სჯერა, რომ ასეთი იდეა მოუვიდა. მას სჯერა, რომ წყალმცენარეების გიგანტურ ფერმებს შესწევს ძალა, შთანთქას CO2-ის საკმარისი რაოდენობა გლობალური დათბობის შესანელებლად. ოკლენდის გეგმა ამჟამად 55 000 კვ.კმ ზომის ფერმის შექმნაა, ეს აუცილებელი რაოდენობაა იმისათვის, რომ შესამჩნევი გავლენა იქონიოს დაახლოებით 50 გიგატონა ნახშირორჟანგზე, რომელსაც ყოველწლიურად ატმოსფეროში ვუშვებთ. გიგატონა მილიარდი ტონაა, რაოდენობა, რომლის შთანთქმასაც ყოველწლიურად ოკლენდის ფერმა აპირებს.
პროფესორ ვიქტორ სმეტაცეკის იდეით ინსპირირებული პროექტის ტესტირება ამჟამად კარიბის ზღვასა და მექსიკაში მიმდინარეობს. სმეტაცეკი დიდი ხნის განმავლობაში იყო გატაცებული წყალმცენარეების გიგანტურ ოკეანურ დინებებში, ე.წ მორევებში გაშენების შესაძლებლობით.
"ისინი ყველაფერს ცენტრში აგროვებენ, ამის საუკეთესო მაგალითი, რა თქმა უნდა, პლასტმასის ნარჩენებია, რომელიც სუბტროპიკული მორევების ცენტრში გროვდება", — აღნიშნავს პროფესორი
სწორი პირობების შექმნის შემთხვევაში ასეთი დინებები წყალმცენარეებს დაფანტვისგან დაიცავს და, მეტიც, ზრდაში დაეხმარება, რაც ძალიან პრაქტიკულია.
პროექტის ერთ-ერთი რისკი ისაა, რომ მას ტურიზმის ინდუსტრიის დაზარალება შეუძლია. სარგასუმი კარიბის სანაპიროს უკვე დეკადების განმავლობაში ტანჯავს. ნაპირზე გამორიყული წყალმცენარე ლპობის პროცესში საშინლად ყარს, რაც პლაჟზე დასვენებას ხშირად შეუძლებელს ხდის. მიუხედავად ამისა, Seafields-ში დარწმუნებულები არიან, რომ მათ ფერმებს დაფანტვის საფრთხე არ ემუქრება, რადგან ისინი ისე იქნება მოწყობილი, რომ ჯგუფს მოწყვეტილი ნებისმიერი წყალმცენარე დროთა განმავლობაში თავისით დაიღუპება, რადგან კვების წყარო არ ექნება.
რაც შეეხება ტექნოლოგიას, რომელიც მოამარაგებს შუაგულ ოკეანეში არსებულ ფერმას საკვებით, მისი ესკიზები სმეტაცეკს უკვე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მორევებს, მათ ზედაპირზე საკვები ნივთიერებების არარსებობის გამო, ოკეანის უდაბნოს უწოდებენ, პროფესორის აზრით, შესაძლებელია საკვები ნივთიერებებით სავსე წყალი ოკეანის სიღრმიდან ფერმებს მილებით დაუკავშირდეს, რაც საკვების უწყვეტი წყარო იქნება.
ამ ტექნოლოგიას გუნდი 2023 წლის დასაწყისში გამოცდის. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ "მარილის შადრევანის" იდეა ჯერ კიდევ 1956 წელს გამოჩნდა და წარმატებით გამოიცადა, მისი მასშტაბი ახლოსაც კი არ იყო იმასთან, რასაც Seafields გეგმავს.
თუ მარილის შადრევანი ისე იმუშავებს, როგორც ჩაფიქრებულია, პროფესორი სმეტაცეკი სარგასუმის უზარმაზარ მოსავალს პროგნოზირებს.
"მათ ზრდის არანორმალური ტემპი აქვთ. მათი ბიომასა ყოველ 10 დღეში ორმაგდება. კარგი ამბავი კი ისაა, რომ მოსავლის აღება კომბაინითაც კია შესაძლებელი", – განაცხადა სმეტაცეკმა.
პროფესორის წარმოდგენით, მოტივტივე კომბაინი ნახშირბადით უკვე გამდიდრებულ მოსავალს ოკეანის ფსკერისკენ გაგზავნის. Seafields-ის გუნდის წარმოდგენით, ოკეანის ფსკერისკენ გაგზავნილ წყალმცენარეებს ნახშირბადის შეკავება ასობით წლის განმავლობაში შეეძლებათ.
Seafields-ის ფინანსური მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ სარგასუმს მათთვის შესაბამისი ფულადი მოგების მოტანა შეუძლია. ეს ინვესტორები აპირებენ, გაყიდონ უფლებები შთანთქმულ ნახშირბადზე ნახშირბადის მსოფლიო ბაზრებზე. გეგმის მიხედვით, ეს შესაძლებლობას მისცემს ისეთ ბიზნესებს, მაგალითად ავიაკომპანიებს, რომელთაც ნახშირბადის ემისიის შემცირება არ შეუძლიათ, გადაიხადონ ფული იმაში, რომ მათი გამოყოფილი ნივთიერების შთანთქმა სხვაგან მოხდეს.
გეგმას, რა თქმა უნდა, კრიტიკოსებიც ჰყავს:
"მე მოსაწყენი მეცნიერი ვარ, მე მჭირდება მეტი მონაცემი, მეტი კვლევა, სანამ მთელი გულით ვიტყვი, რომ თქვენ შეძლებთ გიგატონის ამგვარი შთანმთქმელის შექმნას", – განაცხადა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების პროფესორმა ნემ ვოგანმა.
დოქტორი ვოგანი ასევე შეწუხებულია წარუმატებლობის შემთხვევაში გეგმისგან მომდინარე საფრთხეებით. შეუძლია თუ არა Seafields-ს შეინარჩუნოს პოტენციურად საზიანო ამდენი წყალმცენარე ატლანტის ოკეანის სამხრეთში? შეძლებს მარილის შადრევანი საკმარისი პირობების შექმნას? მისი აზრით, არსებობს ბევრად ნაკლებად რისკიანი მეთოდები გარემოს დასაცავად, მაგალითად მეტი ხის დარგვა, ან ტორფნარების შენარჩუნება, რომლებიც ბუნებრივად შთანთქავენ ნახშირბადს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი აზრით, მაინც CO2-ის გამოყოფის კონტროლია.
ჯონ ოკლენდი აღიარებს, რომ პროცესის ზოგი ელემენტი ჯერ დადასტურებული და ბოლომდე გამოცდილი არ არის, თუმცა სჯერა, რომ გარისკვა ღირს.
საბოლოოდ, რამდენად არის შესაძლებელი, ოკლენდის ამბიციური ჩანაფიქრი სულ რაღაც 3 წელიწადში სრულყოფილად განხორციელდეს? ან არ არსებობს წყალმცენარეების უზარმაზარი კუნძულის ოკეანეში გაშვებაზე კარგი იდეა? იქნებ, საერთოდაც, გამოყოფის კონტროლი სჯობს უკვე გამოყოფილი ნივთიერების შეგროვებას? ამ კითხვებზე პასუხს მხოლოდ მსგავსი პროექტების გამოცდის შედეგად მივიღებთ, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, Seafields-ის მოქმედებებს თვალყური მივადევნოთ.
კომენტარები