Microsoft Office-ის ერა სრულდება? — 32 წლის შემდეგ, კომპანია პროგრამული პაკეტის რებრენდინგს გეგმავს
რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, Microsoft Office-ს მალე სხვაგვარად ერქმევა. კომპანია სახელს უცვლის პროგრამულ პაკეტს და ნოემბრიდან ის Microsoft 365 იქნება. ცვლილება პირველად The Verge-მა შენიშნა და მისი ნახვა Microsoft-ის ოფიციალურ საიტებზეც შეგიძლიათ.
ხშირად დასმული კითხვების განყოფილებაში კი კომპანიის ახსნასაც იპოვით: "ბოლო წლების განმავლობაში, Microsoft 365 განვითარდა და იქცა ჩვენს მთავარ პროდუქტიულობის კომპლექტად. ასე რომ, ჩვენ ვქმნით გამოცდილებას, რომ დაგეხმაროთ Microsoft 365-ის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყენებაში. მომდევნო თვეებში, Office.com, მობილური აპლიკაცია და Office-ის აპლიკაცია ვინდოუსისთვის იქცევა Microsoft 365-ად — ახალი ლოგოთი, ახალი შესახედაობითა და უფრო მეტი ფუნქციით".
ცვლილებები 2022 წლის ნოემბერში დაიწყება და თავდაპირველად Office.com-ს შეეხება. 2023 წლის იანვარში კი ოფისის აპლიკაციებიც შეიცვლება.
Word, Excel, PowerPoint, Outlook, Teams, თუ OneDrive ყველას გამოგვიყენებია, ისინი იგივე დარჩება, უბრალოდ იმ პაკეტის სახელი/დიზაინი იცვლება, რომელსაც Microsoft Office-ს, ან უფრო საოფისე პროგრამებს ვეძახდით.
ხოლო მალე, Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნის ნაცვლად სამსახურში Microsoft 365-ის ცოდნას მოგთხოვენ. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, პანდემიით შეცვლილ რეალობას უკავშირდება. პანდემიის პერიოდი გარდამტეხი იყო უამრავ კომპანიასა თუ სასწავლო დაწესებულებაში დისტანციური მუშაობისა და სწავლის დასაწყებად/დასამკვიდრებლად. ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოფისიდან აღარ მუშაობს. შესაბამისად, შესაძლოა სწორედ ამ გლობალური ცვლილების ფონზე გადადგმულ ნაბიჯად ჩავთვალოთ Microsoft-ისა და ოფისის "გზების გაყოფა".
კომენტარები