მეტავერსი არავის ადარდებს? — 24 საათში 1.2-მილიარდიან Decentraland-ს 38 აქტიური მომხმარებელი ჰყავდა
მეტავერსის პროექტი Decentraland, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ და გაყიდონ ვირტუალურ რეალობაში უძრავი ქონება, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ არის სავსე. მილიარდობით დოლარად შეფასების მიუხედავად, კომპანიებს, რომლებმაც ფსონი მეტავერსიულ მომავალზე დადეს, შესაბამისი შედეგები ჯერ არ მიუღიათ.
მეტიც, მონაცემთა აგრეგატორის DappRadar-ის მიხედვით, ეთერიუმზე დაფუძნებულ მსოფლიოს — Decentraland-ს ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 38 აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. ეს შემაშფოთებლად დაბალი რიცხვია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საბაზრო კაპიტალი 1.2 მილიარდი დოლარია.
Decentraland-ის თმით, "აქტიური მომხმარებლები" განისაზღვრება, როგორც უნიკალური ბლოკჩეინის საფულის მისამართები, რომლებიც ურთიერთქმედებენ სისტემასთან. როგორც CoinDesk განმარტავს, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები, რომლებიც უბრალოდ ჩატს იყენებენ ან არ ითვლებიან.
"DappRadar არ ითვლის რეალურ ჩვენს მომხმარებლებს, ის აკვირდება მხოლოდ ადამიანებს, რომლებთანაც კონტრაქტები გვაქვს", — განუცხადა Decentraland-ის კრეატიულმა დირექტორმა სემ ჰამილტონმა CoinDesk-ს და დასძინა, რომ პლატფორმა საშუალოდ დღეში 8 000 მომხმარებელს იღებს.
აქტიური მომხმარებლები
რა თქმა უნდა, მოცემულ მომენტში კომპანიის მიერ დასახელებული 8 000 მომხმარებელიც კი ცოტაა იმისთვის, რაც უნდა იყოს ონლაინ სამყაროს მომავალი. და თუ ბლოკჩეინი არის ამ სისტემის ძირითადი ეკონომიკური მექანიზმი, აშკარად ცოტაა, თუ დღეში მხოლოდ რამდენიმე ათეული ტრანზაქცია ხორციელდება.
მოკლედ, ეს კარგი მაგალითია საბაზრო ღირებულებასა და რეალურ მომხმარებლებს შორის უზარმაზარ უფსკრულზე, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა Web3 სამყაროს და ასევე შეიძლება მიუთითებდეს ვირტუალური უძრავი ქონების და სხვა ბლოკჩეინთან დაკავშირებული აქტივებისადმი ინტერესის შემცირებაზე. მათ შორის კრიპტოვალუტებსა და NFT-ებზე.
თუ გავითვალისწინებთ იმ თანხებს, რომლებიც მეტავერსის პლატფორმებზე იხარჯება, აქტივობა მეტი უნდა იყოს. ეს კი მეტავერსის მომავალზე კარგს არაფერს პროგნოზირებს.
"ვინც გეუბნებათ, რომ დღეს არსებობს მეტავერსი და ის კარგად მუშაობს, უბრალოდ გატყუებთ", — უთხრა CoinDesk-ს ციფრული აქტივების საინვესტიციო ფირმა Arca-ს მენეჯერმა საშა ფლიშმანმა.
კომენტარები