როგორია დედამიწის მომავალი? — ამის გაგებაში ერთ-ერთი ეგზოპლანეტა დაგვეხმარება
გასულ თვეში მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ორი "სუპერდედამიწის" ეგზოპლანეტა — ახლომდებარე პლანეტები, რომლებიც ზომით ოდნავ აღემატება დედამიწას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ორი ეგზოპლანეტადან ერთ-ერთი შეიძლება შეიცავდეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ძირითად მასალას.
რა თქმა უნდა, ეს თავისთავად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, მაგრამ საინტერესოა, რომ ეგზოპლანეტამ, სახელწოდებით SPECULOOS-2c, შეიძლება მოგვცეს იმაზე მეტი, ვიდრე კლიმატის ცვლილების დაძლევის შესაძლო სტრატეგია. კერძოდ, მისი ერთ-ერთი აღმომჩენის თქმით, შეიძლება შევძლოთ უამრავი რამის გაგება ჩვენი პლანეტის მომავლის შესახებ SPECULOOS-2c-ის დამოკიდებულების შესწავლით მის მშობლიურ ვარსკვლავთან, SPECULOOS-2-თან.
"ეს პლანეტა ჩვენთვის საინტერესოა, რადგან ის გვაძლევს მინიშნებებს იმის შესახებ, თუ რა მოხდება დაახლოებით ხუთი მილიარდი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენი მზე დაიწყებს კვდომას და გადიდებას და დაწვავს დედამიწას", — განაცხადა ლიზა კალტენეგერმა, კვლევის თანაავტორმა.
SPECULOOS-2c და მისი მეზობელი LP 890-9b ბრუნავენ M კლასის წითელი ჯუჯის გარშემო, რომელიც არის პატარა, ცივი და იწვის წყალბადით. მათი მცირე ზომიდან გამომდინარე, ნებისმიერი სხეული, რომელიც მათ გარშემო ბრუნავს, საკმაოდ ახლოს უნდა იყოს. თუმცა სიახლოვე M კლასის წითელ ჯუჯებთან მაინც და მაინც დადებითი მოვლენა არაა, რადგან მათ ახასიათებთ ე.წ. მზის ამოფრქვევები, რომლებიც, ცხადია, სიცოცხლისთვის ხელშემწყობი არ არის.
SPECULOOS-2 კვლევა ეხმაურება სწორედ ამ M კლასის ჯუჯების თავსატეხს. მიუხედავად იმისა, რომ SPECULOOS-2c ბრუნავს თავის ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს, მის მიერ მიღებული დასხივების დონე უცნაურად დაბალია. კალტენეგერის თქმით, რადიაციის ეს დონეები — იმის გათვალისწინებით, რომ ეგზოპლანეტას დედამიწის მსგავსი ზომა და თხევადი წყლის მასპინძლობის პოტენციალი აქვს — რეალურად დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ დაიწევს დედამიწაზე მზის გამოსხივება მომავალში.
როდესაც ჩვენი მზე დაბერდება, ის, სავარაუდოდ, წითელ გიგანტად გადაიქცევა და არა წითელ ჯუჯად და ჩვენი პლანეტა მთლიანად შთაინთქმება. რაც უფრო დიდი გახდება მზე, რადიაცია უფრო და უფრო მოუახლოვდება ჩვენს მშობლიურ პლანეტას, რაც საბოლოოდ ცოცხალი არსებებისა და სიცოცხლისთვის ხელშემწყობი გარემოს არსებობას შეუძლებელს გახდის. SPECULOOS-2c-ს კი შეუძლია, გაგვაგებინოს, რა დონის რადიაცია გამოიწვევს დედამიწაზე წყლის აორთქლებას. მისი დახმარებით, შეიძლება ითქვას, დავინახავთ, როგორი იქნება დედამიწა 5 მილიარდი წლის შემდეგ.
კომენტარები