ნახეთ: ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მარსი გადაიღო
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენი მეზობელი წითელი პლანეტის პირველი სურათები გადაიღო და მისი სპექტრული მონაცემებიც მოიპოვა. მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ობიექტივში მარსი 5 სექტემბერს მოხვდა, რაც ასტრონომებს მის შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში დაეხმარა.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტელესკოპი დედამიწიდან 1.5 მილიონი კილომეტრის მოშორებითაა განლაგებული, მას მარსის განათებულ ნახევარსფეროზე უნიკალური ადგილიდან შეუძლია დაკვირვება. შედეგად, ისეთი ხანმოკლე ფენომენების შესწავლის საშუალება გვეძლევა, როგორიცაა მტვრის ქარიშხლები, სეზონური ცვლილებები, ამინდის მახასიათებლები და ა.შ. ასევე, დღის სხვადასხვა მონაკვეთში მიმდინარე პროცესები.
მარსი ჩვენს პლანეტასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ამიტომ ღამის ცაზე ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტია როგორც ხილულ, ისე ინფრაწითელ სპექტრში. ვები ამ უკანასკნელის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარეა, რის გამოც სპეციალური სადამკვირვებლო ტექნიკის გარეშე, აღნიშნული ციური სხეული მისთვის "დამაბრმავებელია". მსგავსი ეფექტის თავიდან ასაცილებლად, მეცნიერებმა ფოტოები მცირე დაყოვნებებით გადაიღეს, ანუ დეტექტორის მიერ აღქმული სინათლის მხოლოდ მცირე ნაწილი გაზომეს და მონაცემთა ანალიზის სათანადო მეთოდი გამოიყენეს.
სურათებზე მარსის აღმოსავლეთ ნახევარსფეროში არსებულ არეალს ვხედავთ. პირველ ფოტოზე ვებისა და სხვა აპარატების მონაცემებზე დაფუძნებული სიმულირებული გამოსახულებაა ნაჩვენები. მის გვერდით, ზედა მარჯვენა მხარეს ახლო ინფრაწითელი კამერის (NIRCam) მიერ გადაღებული კადრია წარმოდგენილი, რომელზეც არეკლილი სინათლე ჭარბობს და, შესაბამისად, ზედაპირის დეტალებს გამოკვეთს, მაგალითად ჰიუგენსის კრატერის რგოლებს, დიდი სირტის მუქ ვულკანურ ქანებსა და ელადის დაბლობს.
ქვედა სურათზე თერმული გამოსხივებაა აღბეჭდილი, რომელიც წითელი პლანეტის ზედაპირისა და ატმოსფეროს ტემპერატურას შეესაბამება. ყველაზე კაშკაშა რეგიონი ისაა, რომელსაც მზე პირდაპირ ანათებს და აცხელებს, პოლუსების მახლობლად სიკაშკაშე ნელ-ნელა იკლებს, ხოლო ჩრდილოეთ ნახევარსფერო "ჩაბნელებულია", რადგან იქ ახლა ზამთარია. 2 000 კილომეტრზე მეტ მანძილზე გადაჭიმული ელადის დაბლობი ასევე მუქად ჩანს, რაც ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის მოლეკულების მიერ ზედაპირიდან არეკლილი სხივების შთანთქმითაა გამოწვეული.
რაც შეეხება სპექტრულ მონაცემებს, რომელიც ტელესკოპზე დამონტაჟებულმა ახლო ინფრაწითელმა სპექტროგრაფმა (NIRSpec) მოიპოვა, ის მთლიანი პლანეტის შესაბამისი, სხვადასხვა სიგრძის მქონე ასობით ტალღის ფონზე სიკაშკაშის შეუმჩნეველ ვარიაციებს გამოკვეთს.
სპექტრში არეკლილი სინათლის 3 მიკრონზე მცირე ზომის ტალღები და თერმული გამოსხივების უფრო გრძელი ტალღები ჭარბობს. გამოვლენილია მოლეკულები, რომლებიც მარსის ატმოსფეროში სინათლეს შთანთქავს. მათგან აღსანიშნავია ნახშირორჟანგი, ნახშირბადის მონოქსიდი და წყალი. ინფორმაციას ვიღებთ ციურის სხეულის ღრუბლებზე, მტვერსა და ზედაპირის მახასიათებლებზეც.
მომავალში ვები პლანეტის რეგიონულ სხვაობას შეისწავლის და მის ატმოსფეროში ისეთი აირების დაფიქსირებას შეეცდება, როგორიც მეთანი და ქლორწყალბადია.
კომენტარები