შექმნეს ვირტუალური რეალობა, რომელსაც ფსიქოდელიური ნივთიერებების ეფექტი აქვს
დევიდ გლოვაკი მხატვარი და გამოთვლითი მოლეკულური ფიზიკოსია, რომელმაც კლინიკური სიკვდილი გამოსცადა. სწორედ ამით ინსპირირებულმა შეიმუშავა ვირტუალური რეალობა, სახელად Isness-D, რომელიც ფსიქოდელიური ნივთიერების მოქმედებას მოგაგონებთ.
როგორც მან MIT Technology Review-ს განუმარტა, გლოვაკი მუშაობდა თვითტრანსცენდენციაზე — რაც საკუთარი თავის აღქმის საზღვრების გადალახვას გულისხმობს. ამაზე მან ფიქრი 15 წლის წინ დაიწყო, სწორედ მაშინ განიცადა სიკვდილთან მიახლოებული შეგრძნება.
იმ მომენტში მან დაინახა თავისი სხეული არა როგორც ფიზიკური ფორმა, არამედ მბზინავი სინათლის ბურთის სახით. და რაც უფრო ბნელდებოდა ეს შუქი, მით უფრო უახლოვდებოდა ის "სიკვდილს".
"ვიცოდი, რომ სინათლის ინტენსივობა დაკავშირებული იყო იმასთან, თუ რამდენად დავრჩებოდი ჩემს სხეულში", — განუცხადა მან გამოცემას.
როგორც მან შემდგომ განმარტა, ამ შუქის ყურებისას, არ ეშინოდა, მხოლოდ სიმშვიდეს გრძნობდა. ახლა, გადარჩენიდან წლების შემდეგ, სურს სინათლისა და სიმშვიდის მსგავსი გამოცდილება სხვებს გაუზიაროს და "სიკვდილის" ეს შეგრძნება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
გლოვაკის და მისი გუნდის კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა, Isness-D სწორედ ამისთვის შეიქმნა.
Isness-D, რომელიც, მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებლებს შუქის კაშკაშა ბურთებად აქცევს, არ იყო შექმნილი ფსიქოდელიური ნივთიერების იმიტაციისთვის. თუმცა, რადგან ფსიქოდელიური საშუალებები ტრანსცენდენციასთანაა დაკავშირებული, გლოვაკიმ და მისმა გუნდმა საბოლოოდ თავიანთი VR გამოცდილება სწორედ ასეთ ნივთიერებების ეფექტს შეადარეს.
ნაშრომის თანახმად, მეცნიერებმა გამოიყენეს ოთხი ძირითადი მეტრიკა, რომელსაც ფსიქოდელიური მკვლევრები იყენებენ გონებაზე დაკვირვებისას. მათ Isness-D-ზე 75 მომხმარებლის ემოციური რეაქცია შეისწავლეს.
შედეგები გასაოცარი იყო: ვინც Isness-D გამოიყენა განიცადა დაახლოებით ისეთივე გამოცდილება, როგორსაც 20 მილიგრამი ფსილოციბინი და 200 მიკროგრამი LSD იწვევს.
"რაც ჩვენს მიერ შექმნილ VR-ში ხდება, ეს არის გარე სამყაროს არსებობის სრული დავიწყება", — განუცხადა MIT Tech Review-ს აგნიესკა სეკულამ, ფსიქოფარმაკოლოგიის ცენტრის დოქტორანტმა და Enonis Therapeautics-ის თანადამფუძნებელმა. მისი კომპანია, VR-სა და ფსიქოდელიურ საშუალებების ერთმანეთთან დაკავშირებაზე მუშაობს.
გლოვაკი თავის ქმნილებას უკვე იყენებს და თანამშრომლობს თერაპიულ VR სტარტაპთან, სახელწოდებით aNUma, რათა ხელი შეუწყოს Isness-D სესიებს.
ვირტუალური რეალობის მხრივ პროგრესისა და ფსიქოდელიური ნივთიერებების კვლევის პარალელურად ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. მას აქვს პოტენციალი გვითხრას თუ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი სხვადასხვა მომენტებში.
თუმცა, გზა ბოლომდე გაკვალული ჯერ არ არის და საინტერესოა თუ სად მიგვიყვანს მსგავსი ინოვაციები. ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.
კომენტარები