წვიმის წყლის დალევა უსაფრთხო აღარ არის — რატომ
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წვიმის წყლის დალევა უსაფრთხო ნამდვილად არ არის: სტოკჰოლმის უნივერსიტეტისა და ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევართა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, წვიმის წყალი პერ- და პოლიფლუოროალკილური ნივთიერებების (PFAS) კლასის ნაერთებს შეიცავს, რომელთაც ჯანმრთელობისათვის საფრთხის მოტანა შეუძლია. ნაშრომის შედეგები ჟურნალში Environmental Science & Technology გამოქვეყნდა.
PFAS ხელოვნურად შექმნილი ქიმიკატებია, რომლებიც არაერთ სამომხმარებლო თუ ინდუსტრიულ პროდუქტში გამოიყენება. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი გარემოში არ იშლება, ნივთიერებებს "სამუდამო ქიმიკატების" სახელითაც ვიცნობთ. კვლევის თანახმად, PFAS ატმოსფეროში უკვე გლობალურად გავრცელდა და წყალსა და თოვლში დედამიწის ყველაზე განცალკევებულ ადგილებშიც კი მოიძებნება.
ასევე იხილეთ: არქტიკაში ყინულები დნება და საშიში "სამუდამო" ნივთიერებები ოკეანეში ჩაედინება — ახალი კვლევა
როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, სასმელ წყალში PFAS-ის მინიმალური დასაშვები რაოდენობა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა, რადგან ნივთიერებების ტოქსიკურობაზე მეცნიერებმა მეტი ინფორმაცია მოიპოვეს.
კვლევის მთავარი ავტორი ამბობს, რომ, სასმელ წყალში PFOA-სთან (PFAS ნივთიერებათა კლასის ერთ-ერთი ნაერთი) დაკავშირებით აშშ-ს ახალი ოფიციალური დირექტივების მიხედვით, წვიმის წყალი სასმელად ყველგან სახიფათოდ უნდა გამოცხადდეს. მართალია, ინდუსტრიულ სამყაროში მისი დალევა ხშირად არ გვიწევს, თუმცა მსოფლიოში არაერთი ადამიანი მას უსაფრთხოდ აღიქვამს. წვიმის წყლით მარაგდება სასმელი წლის არაერთი რესურსიც.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიმოხილვას თუ დავეყრდნობით, შესაძლოა, PFAS-ის ზემოქმედებამ სიმსივნის, ღვიძლის დაზიანების, რეპროდუქციული პრობლემების, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და ასთმის რისკი გაზარდოს.
კომენტარები